კულტურის სამინისტროს ამ დრომდე არ გაუცია საჯარო ინფორმაცია, ვისზე და რა მიზნით აპირებს გრანტის გაცემას, რომელიც კულტურისა და სპორტის სფეროებში მოღვაწე პირებსა და მათ ოჯახის წევრებისთვისაა განკუთვნილი.
ის, რომ კულტურისა და სპორტის სფეროებში მოღვაწე ფიზიკური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გრანტის გაცემა იგეგმება, მთავრობის განკარგულებით გახდა ცნობილი.
დოკუმენტის მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა. საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში სამინისტროს მიეცა თანხმობა კულტურისა და სპორტის სფეროებში მოღვაწე ფიზიკური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გრანტის გაცემაზე.
განკარგულებაში არაა მითითებული გრანტის მიმღებთა ვინაობა, გრანტის ოდენობა და მიზნობრიობა. „პუბლიკამ” სწორედ აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით მიმართა კულტურის სამინისტროს 22 მარტს, თუმცა გამოცემას პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
როგორც დღეს „პუბლიკას” სამინისტროს კანცელარიაში განუცხადეს, წერილთან დაკავშირებით განხილვა დასრულებული არაა და „კიდევ ცოტა ხნით დალოდება” გვთხოვეს.
„გრანტის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, გრანტი არის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.
აღსანიშნავია, რომ კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას „სიხარულით მიესალმება”.