სამინისტროს ცნობით, ზოგადი განათლების მიმართულებით ფართომასშტაბიანი კვლევების შედეგები წარადგინეს

პუბლიკა

განათლების სამინისტროს ცნობით, მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კონფერენციაზე, სახელწოდებით – „კვლევა განათლების და პოლიტიკის მხარდასაჭერად“ – საზოგადოებას წარუდგინა ზოგადი განათლების მიმართულებით ფართომასშტაბიანი კვლევების შედეგები.

სამინისტროს მიერ გამოგზავნილ პრესრელიზში კვლევის შედეგები დეტალურად ასახული არ არის, თუმცა მოყვანილია მინისტრის კომენტარი, სადაც ამილახვარი აღნიშნავს, რომ „სსიპ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი“ განათლების ყველა საფეხურზე პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის გასაუმჯობესებლად დაფუძნდა.

„ცენტრი განათლების სისტემაში ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევის მიმართულებით აწარმოებს შიდა კვლევებს, რომელსაც ეფუძნება და დაეფუძნება ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ეს ყველაფერი პირველ რიგში ემსახურება საგანმანათლებლო სფეროს გაუმჯობესებას და იმ ადამიანების ინტერესებს, ვინც ჩართულნი არიან განათლების სისტემაში.

ჩვენ დღევანდელ კონფერენციაზე საზოგადოებას, დარგობრივ წრეებს წარვუდგენთ ორ კვლევას, რომელიც სრულად დასრულდა. ისინი ეხება სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას – პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკას. ასევე, გვაქვს ერთი მიმდინარე კვლევა სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, რომელიც ჯერჯერობით ბოლომდე არ არის დასრულებული, თუმცა ძირითადი მიგნებები დღეს მაინც გვინდა, გავაცნოთ საზოგადოებას. აღნიშნული კვლევის ანგარიში ოდნავ მოგვიანებით სრულად იქნება წარმოდგენილი.

ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ – სისტემაში არსებულ ყველა გამოწვევასა და პრობლემაზე, კვლევებზე დაფუძნებით, ერთად ვიმსჯელებთ და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მივიღებთ გადაწყვეტილებებს. მჯერა, ეს მიდგომა მნიშვნელოვნად გაზრდის განათლების ხარისხს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მან.

ინფორმაციის მიხედვით, კვლევები მოიცავდა სამ მიმართულებას, ესენია:

  • მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასება – კვლევის მიზანი იყო საქართველოში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის შედეგებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება. კვლევა აერთიანებს განათლების სფეროს ექსპერტების, სამივე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფციის შემქმნელების, რეფორმის განმახორციელებელი გუნდის წარმომადგენლების, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მხარდამჭერი ჯგუფების, განათლების სისტემის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის, დონორი ორგანიზაციების, განათლების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლის დირექტორების, მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეების მოსაზრებებს. დისკუსიებისა და ინტერვიუების სერია 2023 წლის ზაფხულში ჩატარდა და, საერთო ჯამში, 100-ზე მეტი რესპონდენტი მოიცვა. მსჯელობის პროცესში ჩამოყალიბებული პირველადი დასკვნები და რეკომენდაციები 10000-ზე მეტ მასწავლებელთან და 600-ზე მეტი სკოლის დირექტორთან გადამოწმდა.
  • მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასება – კვლევის მიზანს წარმოადგენდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ეფექტიანობის შეფასება, მისი ძლიერი და გასაუმჯობესებელი ასპექტების იდენტიფიცირება, დაინტერესებული მხარეებისათვის არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების შეთავაზებით, ინფორმირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა. თვისებრივი კვლევის ფარგლებში 18 ინტერვიუ ჩატარდა. რაოდენობრივი კვლევისთვის მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცედურით 662 სკოლა შეირჩა. კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 6814 მასწავლებელმა და 286 დირექტორმა.
  • სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასება სწავლების პრაქტიკაზე დაყრდნობით – აღნიშნული კვლევის მიზანი იყო სწავლების პრაქტიკაზე დაფუძნებული შეფასებით, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და შესწავლა, თუ რამდენად აკმაყოფილებს არსებული სახელმძღვანელოები ხარისხის, შესაბამისობისა და ინკლუზიურობის მაღალ სტანდარტებს. რაოდენობრივ კვლევაში საქართველოს მასშტაბით 24 069 პედაგოგი მონაწილეობდა. კვლევის თვისებრივ ნაწილში აკადემიური სფეროს წარმომადგენელთა მრავალფეროვანი ჯგუფი იყო ჩართული. მასწავლებლები (როგორც კვლევის ძირითადი სამიზნე ჯგუფი) მონაწილეობდნენ როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კვლევაში. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასების კვლევის პირველი ეტაპით გამოვლენილი ძირითადი ტენდენციების შესახებ. სრული და დეტალური ანგარიში საზოგადოებას მომდევნო ეტაპების დასრულების შემდეგ  წარედგინება.

„საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი 2023 წელს შეიქმნა და მისი მიზანი, სამეცნიერო კვლევებსა და საგანმანათლებლო შეფასებებზე დაფუძნებული რეკომენდაციებით, საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრაქტიკის სისტემური მხარდაჭერაა.

ცენტრის საქმიანობა მოიცავს სამეცნიერო და გამოყენებითი კვლევების, ფართომასშტაბიანი შეფასებების წარმართვას განათლების სისტემის ყველა საფეხურზე, დაწყებული სკოლამდელი განათლებით, დამთავრებული უმაღლესი განათლებითა და სამუშაო ძალის მზაობით. ამასთან, საგანმანათლებლო ინსტიტუციებისათვის სისტემურად ორგანიზებული ცოდნის შეთავაზებას არსებულ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებისა და განათლების სისტემის მოდერნიზაციის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.