სამხარაძე დეკანოიძეს: ამ კომიტეტში აკადემიური დისკუსია იყო ყოველთვის, თქვენ კი შემოიტანეთ ბაზარი

პუბლიკა

დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე  ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ამ ანგარიშის წარდგენისას დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ მაკა ბოჭორიშვილსა და კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს ჰკითხა, გრძნობენ თუ არა უხერხულობას რუსული კანონპროექტის მხარდაჭერის გამო.

ამ შეკითხვამ უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია, მათ შორის, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის, რადგან ის იმ 78 დეპუტატს შორისაა, რომელმაც რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას დაუჭირა მხარი.

„მაქვს სერიოზული კითხვა, თქვენ, ბატონო ნიკოლოზ, როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ვინც ვალდებულია, საგარეო პოლიტიკის კურსი დაიცვას და თქვენ, ქალბატონო მაკა, როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ვალდებული ხართ კონსტიტუციის წინაშე, გრძნობთ თუ არა უხერხულობას იმის გამო, რაც კანონპროექტის მიღებით გააკეთეთ?” – მიმართა ხატია დეკანოიძემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ პასუხად ხატია დეკანოიძეს უთხრა, რომ კომიტეტში მან „ბაზარი“ შეიტანა.

„ქალბატონო ხატია, მომისმინეთ, ეს კომიტეტი მუშაობს 2.5 წელია უკვე, თქვენ დღეს შემოხვედით ახალი წევრი.  ამ კომიტეტში იყო ძალიან აკადემიური დისკუსია ყოველთვის ყველა საკითხზე. თქვენ შემოხვედით და შემოიტანეთ ბაზარი. რაც თქვენ წეღან აღნიშნეთ, ეს ბაზარი შემოიტანეთ სწორედ თქვენ პირველად ამ კომიტეტში. ერთი წუთი გაჩუმდი კაცო, ელემენტარული ზრდილობაა“, – მიმართა ნიკოლოზ სამხარაძემ ხატია დეკანოიძეს.

უმრავლეოსბის დეპუტატმა, მაია ბითაძემ, რომელიც ასევე იმ 78 დეპუტატს შორისაა, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. ხატია დეკანოიძეს ჰკითხა, თავად თუ გრძნობს უხერხულობას მიხეილ სააკაშვილის მთავრობაშ ყოფნის გამო.