სოციალური სამართლიანობის ცენტრი შსს-ს მოუწოდებს, გამოიძიოს სამხარაძის მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებები

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება უკანასკნელ დღეებში მედიასაშუალება ,,პოსტ ტვ-ის“ ჟურნალისტების მხრიდან ყოფილი ტელეწამყვანის, თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს და მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაძლო დანაშაულების (ცრუ დასმენის/ადევნების) თაობაზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.

„უკანასკნელ პერიოდში თათია სამხარაძის მიმართ გამოვლენილი ქმედებები შესაძლოა შეიცავდეს ადევნების დანაშაულების ნიშნებს, რომლიცსწორედ ,,პოსტ ტვ-ის” ინსტრუმენტად გამოყენების გზით ხდება. Საეჭვოა, რომ ამ შემთხვევაში, ,,პოსტ ტვ”-ის ქმედებების მიზანს ჟურნალისტური საქმიანობა წარმოადგენდეს, ვინაიდან შეუძლებელია, ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდეს თათია სამხარაძის (რომელიც არ არის საჯარო პერსონა) რომელიმე საცხოვრებელ სახლში ან სხვა ადგილას ყოფნასთან დაკავშირებით, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დაცული სფეროა და მისი გადაადგილების ამ ხარისხით კონტროლი ამ უფლებაში უხეშ ჩარევად უნდა მივიჩნიოთ.

Ჩვენი შეფასებით, საკითხის ირგვლივ არსებული გარემოებები, თათია სამხარაძის მიერ სასამართლოში მოგებული საქმის კონტექსტი და ბოლო პერიოდის მოვლენები, როდესაც შ. Რამიშვილი იმავე ქმედებაში სხვა ქალებმაც დაადანაშაულეს, მიუთითებს, შ. Რამიშვილის ტელევიზიის რეალურ მოტივაციას ერთი მხრივ, გადაფაროს ზემოხსენებული მძიმე ბრალდებები, მოახდინოს მათი მინიმიზება, მეორე მხრივ კი თათია სამხარაძეს განაცდევინოს ფსიქიკური ტანჯვა და აიძულოს შეიცვალოს ცხოვრების წესი. აღნიშნული კი თავისთავად საჭიროებს გამოძიებას და მომხდარისთვის რელევანტური სამართლებრივი შეფასების მიცემას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს თათიასამხარაძესთან დაკავშირებული ქმედებების სამართლებრივი შეფასება და დაიწყოს გამოძიება“,- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღწერილი 24 მარტს, ტელეკომპანია ,,პოსტ ტვ-იმ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ თათია სამხარაძე იმყოფებოდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის კუთვნილ ბინაში და შესაძლოა, მას აღკვეთილი ჰქონოდა თავისუფლება, რის გამოც ,,პოსტ ტვ-ის“ ჟურნალისტმა მიმართა პოლიციას. მომდევნო დღეებში და დღესაც, ტელეკომპანიის ჟურნალისტები აქტიურად ავრცელებ ინფორმაციას თათია სამხარაძისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების თაობაზე და ცდილობენ მის დისკრედიტაციას. Როგორც სოციალურ ქსელში გავცელებული ინფორმაციიდან ჩანს, ტელეკომპანიის ჟურნალისტები ამ მომენტშიც თათია სამხარაძის სახლთან იმყოფებიან.


პროპაგანდისტული არხი POSTV რამდენიმე დღეა, ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, თათია სამხარაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებს. თათია სამხარაძე ამბობს, რომ მისი, როგორც ქალთა უფლებადამცველის უსაფრთხოება საქართველოში საფრთხეშია. მან სახალხო დამცველსაც მიმართა.

თათია სამხარაძე პირველია, ვინც პროპაგანდისტული POSTV-ის მფლობელი და წამყვანი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. შალვა რამიშვილს 2018 წელს სექსუალურ შევიწროების საქმეზე თათია სამხარაძემ საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო, რომელიც შემდგომმა ინსტანციამაც ძალაში დატოვა. შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში არაერთმა ქალმა ამხილა. 25 მარტს, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტს ასახავს.