„ქართული ოცნებისთვის" ეუთოს დეკლარაციაში საქართველოზე ჩანაწერები მიუღებელია

პუბლიკა

ეუთომ 31-ე საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღო დეკლარაცია, რომელიც მოიცავს რეზოლუციებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. 86-გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს სხვადასხვა რეზოლუციას და ქვეთავებს, რომლებშიც საქართველოც არის ნახსენები და დაგმობილია როგორც რუსული კანონი, ისე – რუსული ოკუპაცია და ჰიბრიდული ომი.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე დეკლარაციის მიღებამდე ამბობდა, რომ „სახელმწიფო ინტერესების ასე მწვავედ შელახვის გამო ქართული დელეგაცია ხმას მისცემს საბოლოო დეკლარაციის წინააღმდეგ”.

დოკუმენტის ერთ-ერთი პარაგრაფი ეხება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და არის მოწოდება ეუთოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების,  ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR)-ისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისკენ, „ერთობლივად იმოქმედონ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ძლიერი სადამკვირვებლო მისიის შესაქმნელად, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს პოტენციური ძალადობის ან ანტიდემოკრატიული ტენდენციების იდენტიფიცირებაზე, რაც შეიძლება მოხდეს არჩევნების დღემდე და რაც ძირს უთხრის ხმის მიცემის დემოკრატიულ მთლიანობას”.

ნიკოლოზ სამხარაძისთვის ეს ჩანაწერი მიუღებელი აღმოჩნდა.

კენჭისყრამდე, ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სამხარაძემ თქვა, რომ არჩევნებამდე 4 თვით ადრე „მოხდა მისი განზრახ დისკრედიტაცია”.

გარდა ამისა, დოკუმენტში ნახსენებია პოლარიზაცია – საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა ხელისუფლებას, „შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებზე და კანონიერ მომიტინგეებზე, რაც არის გაფართოებული რუსული ჰიბრიდული ოპერაციის ყველა დამახასიათებელი ნიშანი, და ეძებოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან დაახლოების გზები ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად”.

სამხარაძემ თქვა, რომ საქართველოს აკრიტიკებენ მაშინ, როცა არ ახსენებენ სხვა ქვეყნებს.

მან ასევე გაავრცელა მმართველი პარტიის პროპაგანდსტული ნარატივი, რომ საფრანგეთსა და კანადაში მიიღეს საქართველოში რუსული კანონის ანალოგიური კანონმდებლობა.

„მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია ეუთო-ს წევრ ბევრ სხვა სახელმწიფოში უფრო მწვავედაა, ამაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას და მხოლოდ საქართველოს შემთხვევას აღნიშნავს. ამას ვიღებ, როგორც მიზანმიმართულ თავდასხმას ჩემს ქვეყანაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა მრავალ ბრალდებაზე, თითქოს, მაგალითად, გამჭვირვალობის შესახებ ახალი კანონი შეზღუდავს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას, რაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ტყუილია. საფრანგეთმა და კანადამ, რომლებიც ასევე ამ ასამბლეის წევრები არიან, მიიღეს მსგავსი კანონები გასულ თვეში, მაგრამ არცერთი მათგანი არ მინახავს ნახსენები რეზოლუციებში, რაც მაფიქრებინებს, რომ აქაც შეგნებულად მოხდა საქართველოს გამოყოფა”. – თქვა „ქართული ოცნების” წევრმა.

სამხარაძემ ასევე აღნიშნა, რომ მიუღებელია ჩანაწერი საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე.

„ტექსტის ისეთი ფორმულირება, როგორიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, არის ზუსტად იმგვარი, როგორსაც რუსეთი, ბოლო 16 წელია, ცდილობს, წარმოაჩინოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე”. – თქვა სამხარაძემ.

გუშინ, 2 ივლისს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, დეკლარაციის შემადგენელ ერთ-ერთ რეზოლუციაში სახელწოდებით „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“, არაზუსტი ფორმულირება შეიტანეს, რომლის თანახმადაც, „რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე”.

„ოცნების“ განცხადებით, რეზოლუციის შესწორებაში ეწერა, რომ “თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველოს, აფხაზეთის და ოსეთის შერიგება საჭიროა”.

იგივე გაიმეორა დღეს ნიკოლოზ სამხარაძემ და ამას „გულსატკენი” უწოდა.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის საბოლოოდ მიღებულ ტექსტში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. 

ეუთოს ექს-პრეზიდენტი, „ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი წერეთელი გვეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, რეზოლუციის სამუშაო ვერსიის ერთ-ერთ პარაგრაფში მიუღებელი ჩანაწერი, „სადაც არსებული ვითარების სწორი ფორმულირებები არ იყო”, ნამდვილად არსებობდა.

თუმცა, მისი თქმით, „პირველ რიგში ოპოზიციის მხრიდან და ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, შესამამისად, ეს არ ასახულა საბოლოო ვერსიაში”.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლების პროპაგანდამ ეს გამოიყენა, თითქოს რაღაც მზადდებოდა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ დასავლეთის მხრიდან, ამერიკელების მხრიდან და თვითონ ასამბლეის ინტერესი იყო ამაში, რაც ნამდვილად უსაფუძვლოა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანტიდასავლური კამპანია გრძელდება”. – თქვა გიგი წერეთელმა.