სამხატვრო აკადემიის გაფიცული სტუდენტები: დღეიდან ჩვენ ბრძოლას უნივერსიტეტის კედლებიდან გავაგრძელებთ

პუბლიკა

სამხატვრო აკადემიის გაფიცული სტუდენტები აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად იკავებენ უნივერსიტეტის ტერიტორიას და ითხოვენ, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ დაკავებულები. სტუდენტები ამბობენ, რომ ქვეყანაში „რეჟიმის მიერ ასობით უკანონო დაკავებული და დაზარალებული ადამიანი გვყავს, მაგრამ არც ერთი დასჯილი ძალოვანებიდან“.

„ჩვენ თვალწინ ის ღირებულება სისტემები ირღვევა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტად მიგვაჩნია. ყველაფერი ეს და სხვა ბევრი რამ მხოლოდ ერთზე მიუთითებს, არალეგიტიმური მთავრობის სახით საქართველოში რუსული რეჟიმის დამყარებას ცდილობენ, ამიტომ ვუერთდებით მთავარ მოთხოვნათაგან ერთ-ერთს და ვითხოვთ ხელახალ სამართლიან არჩევნებს. ჩვენთვის მიუღებელია იმ მოცემულობაში ცხოვრება, სადაც ადამიანები და განსაკუთრებით თანატოლები უკანონოდ რჩებიან პატიმრობაში ხოლო ჩვენ უმოქმედოდ უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიური ყოფა და ვინაიდან ჩვენ ხელში დაუმორჩილებლობაა ის იარაღი, რომლითაც შეგვიძლია ამ უსამართლობის წინააღმდეგ გავილაშქროთ, ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიზიარებთ შემდეგ მოთხოვნას – გათავისუფლდნენ რეჟიმის უკანონო პატიმრები. დღეიდან ვიკავებთ სივრცეს, რომელიც ჩვენთვის განათლების წყარო და ფასეულობრივი მაგალითის მომცემი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში სამხატვრო აკადემიამ არარსებული ნეიტრალიტეტი აირჩია. ჩვენ კი დღეიდან ჩვენ ბრძოლას ამ კედლებიდან გავაგრძელებთ“, – ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.

პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის შენობები დაკავებული აქვთ თეატრალურის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს.