საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო პოლიციამ სამხედრო ფორმების და ფეხსაცმელების მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
„სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თავდაცვის ძალების თანამშრომელმა პ.გ.-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მატერიალური საშუალებების გაცემის (მიღების) შესახებ, უწყისებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის უშუალო გამგებლობას დაქვემდებარებული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ფეხსაცმელები და ფორმები.
პ.გ. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 9882 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა“,- ნათქვამია განცხადებაში.
პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით წარედგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.