სამხედრო ჰოსპიტლის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ხელფასის მომატებას ითხოვენ

პუბლიკა

გორში, სამხედრო ჰოსპიტლის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ.

მათ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს. ისინი ამბობენ, რომ ჰოსპიტლის კონტრაქტორ კომპანია „ჯითი გრუპში” არიან გაფორმებული. ამიტომ მოითხოვენ, კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტას და კვლავ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში დაბრუნებას.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი ყოველთვიური ანაზღაურება 280 ლარია. ისინი ხელფასების მინიმუმ 500 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.

აქციაზე მყოფ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს „ფორმულა“ ესაუბრა:

„ჩვენი ხელფასი არის ძალიან მცირედი, ხელფასის პრობლემის გამო ვართ ამ დღეში, ვართ ძალიან დიდ გაურკვევლობაში, ვერ გავიგეთ ვის უნდა მივმართოთ, მინიმალური ხელფასი არის 280 ლარი. გვინდა, რომ სულ ცოტა 500 ლარამდე გაიზარდოს“.

„მოვითხოვთ, რომ 500 ლარი ხელფასი გვქონდეს,  280 ლარით ჩვენ ოჯახებს ვერ ვარჩენთ, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადაგვიყვანონ, არ გვინდა შპს-ზე, უარზე არიან და არ ვიცი რას გვიპასუხებენ ამის მერე…“.

„რამდენიმე წელია 280 ლარზე ვართ, ეს არავის არ აკმაყოფილებს…“.

„მთლიანი ჰოსპიტლის დამლაგებლები ვწყვეტთ მუშაობას, მივდივართ სახლებში იმიტომ, რომ ყურადღებას არავინ გვაქცევს…“.

„ჯითი გრუპის“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჰოსპიტალთან გაფორმებული სატენდერო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელფასო თანხებს ვერ გაუზრდიან დასუფთავების თანამშრომლებს:

„ეს ქალბატონები აპროტესტებენ დაბალ ანაზღაურებას, თუმცა ისინი ამ წუთში ჰოსპიტალს არ ეკუთვნიან, არიან ჩვენს დაქვემდებარებაზე, კერძო კომპანიის „ჯითი გრუპის“ დაქვემდებარებაზე. ჩვენი ხელშეკრულების ამოწურვის ვადამდე დარჩა 2 თვე. დეკემბერში ჩვენი ხელშეკრულების ვადა იწურება და არ ვიცით ჯერ, ახალ ხელშეკრულებაში როგორ იქნება, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას, გავაგრძელებთ თუ არა თანამშრომლობას ჰოსპიტალთან“.

ჰოსპიტლის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილი არ იყო:

„აღნიშნული ადამიანები არიან ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომლები, კერძო კომპანიის თანამშრომლები. პრობლემის შესახებ არც კერძო კომპანიას, არც თანამშრომლებს მანამდე ჩვენთვის არ მოუმართავთ, მაქსიმალურად, უმოკლეს ვადაში ვეცდებით აღნიშნული პრობლემის გარკვევას, შევხვდებით ამ თანამშრომლებს ამ კომპანიასთან ერთად და მაქსიმალურად ვეცდებით აღნიშნული პრობლემის გადაჭრას“.