სამხრეთ კორეაში პანდემიის დაწყებიდან პირველად ვირუსის ახალი შიდა შემთხვევა არ გამოვლინდა

პუბლიკა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ პირველად, გუშინ ახალი შიდა შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჯამში კი სულ 4 ახალი შემთხვევა დაემატა, ყველა მათგანი უცხოეთიდან შემოსულ მოქალაქეებს დაუდგინდა, რომლებიც აეროპორტიდანვე გადაიყვანეს. ახალი შემთხვევების ჯამური მაჩვენებელიც ოთხშაბათს ბოლო ორ თვეში ყველაზე ნაკლები იყო.

სახმრეთ კორეაში სულ კორონავირუსით ინფიცირების 10 765 შემთხვევაა გამოვლენილი. ჩინეთის შემდეგ ეს იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა სადაც კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო. პიკის პერიოდში ყოველდღიურად ქვეყანაში რამდენიმე ასეულ შემთხვევას აფიქსირებდნენ.

ვირუსის სწრაფი გავრცელება 18 თებერვლის შემდეგ დაიწყო, მას შემდეგ, რაც COVID-19 პაციენტ N31-ს დაუდგინდა, ერთ-ერთი ქრისტიანული კონფესიიის წევრს. 2 მარტს უკვე 4200 შემთხვევა იყო დადასტურებული, აქედან 60% სწორედ ამ კონფესიის წევრებზე მოდიოდა.

თუმცა, როგორც BBC წერს, სამხრეთ კორეამ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მთელი რიგი ზომები მიიღო, მათ შორის აგრესიული ტესტირება დაიწყო. 15 აპრილს ქვეყანაში არჩევნების ჩატარებაც კი გახდა შესაძლებელი.

გასულ კვირას კი ბევრი შეზღუდვა მოიხსნა. ახლა ერთ-ერთ ეროვნულ დღესა აღნიშნავენ და ქუჩებში უამრავ ადამიანს შეხვდებით. თუმცა, სპეციალისტები მოსახლეობას სოციალური დისტანციის საჭიროებაზე მაინც აფრთხილებენ, რათა ვირუსი ხელახლა არ გავრცელდეს.