„თავის საკუთარ 1992-2008 წლების სამამულო ომში გამარჯვებულ სამხრეთ ოსეთის ხალხს თავს ახვევენ მათთვის წამგებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვით“, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებაში, რომელმაც დღეს დე ფაქტო რესპუბლიკის დროშასთან ერთად საოკუპაცო ხაზზე საბჭოთა კავშირის დროშაც აღმართა. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.
როგორც დე ფაქტო უშიშროების სამსახური წერს, სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური „დიდი გამარჯვების“ 75-ე წლისთავს რთულ პოლიტიკურ ვითარებაში აღნიშნავს. ეს კი საერთაშორისო საზოგადოების ბრალია, რომელმაც ამ გამარჯვების პოლიტიკური და იდეოლოგიური მნიშვნელობის გადახედვა მოინდომა და სამხრეთ ოსეთის ხალხსაც ხელს უშლის „ისტორიული სამართლიანობის აღდგენაში“.
„სამხრეთ ოსეთის ჩეკისტები ყოველდღიურად აწყდებიან იმ საფრთხეებსა და რისკებს, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საზოგადოების მცდელობაში გადახედოს დიდი გამარჯვების პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და მორალურ შედეგებს“, – წერს დე ფაქტო უშიშროების სამსახური.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყება თავის განცხადებაში „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვებას რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთის, ლუგანსკისა და და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქალაქეებს ულოცავს. მათთან ერთად ულოცავს დე ფაქტო რესპუბლიკაში მივლენილ რუსეთის სასაზღვრო ძალებსა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებსაც.