„სამხრეთის კარიბჭის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზარზმის მამათა მონასტრის ყოფილ წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, რომელსაც გოგონები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, სავარაუდოდ მღვდელმოქმედება აღუდგინეს.
ერთ–ერთი მოქალაქე სასულიერო პირის მხარდამჭერ ფეისბუკ ჯგუფში წერს, რომ ნიკოლოზმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა–ლოცვა სოფელ მოხის ტაძარში აღავლინა.
„2026 წლის 19 იანვარს ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში, ანდრია პირველწოდებულის სახელობის მოხის დედათა მონასტერში მისივე აშენებული ტაძრის ამბიონიდან ნათლისღების დღესასწაული მოგვილოცა და წირვა-ლოცვა აღავლინა ადიგენის რაიონის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა გულშემატკივარმა, ეკლესია მონასტრების აღმშენებელმა და დედა ეკლესიის ღირსეულმა წარმომადგენელმა არქიმანდრიტმა მამა ნიკოლოზმა. შემდეგ იყო წყალკურთხევა მდინარე ქვაბლიანში, ზარზმის და ქვაბიჯვრის მამათა მონასტრების მამებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. განსაკუთრებით გილოცავთ ადიგენელებო, მესხებო“, – წერს მოქალაქე და წირვის ამსახველ ფოტო–ვიდეოს აქვეყნებს.
„სამხრეთის კარიბჭე“ დავუკავშირდით არქიმანდრიტ ნიკოლოზს, თუმცა მან კითხვის დასმის შემდეგ, ტელეფონი გათიშა, სასულიერო პირმა გამოცემას არც მოკლეტექსტურ შეტყობინებაზე გვიპასუხა.
„სამხრთის კარიბჭე“ დაუკავშირდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ანდრია ჯაღმაიძეს. მან გამოცემას უთხრა, რომ ინფორმაციას არ ფლობს და ადგილობრივ ეპარქიაში გადაამისამართა.
„არ ვიცი. მე არ მაქვს ინფორმაცია. გადაწყვეტილებას იღებს ეპარქის ხელმძღვანელი, ვერ დაგეხმარებით, გაარკვიეთ ეპარქიაში“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
„სამხრეთის კარიბჭე“ ტელეფონის ნომერზე ვერ დავუკავშირდა ვერც ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძეს.
ახალციხეში მდებარე ერთ–ერთ ტაძარში კი მათ უთხრეს, რომ სასულიერო პირთან დაკავშირებას მხოლოდ კვირას, წირვის შემდეგ შეძლებდნენ.
როგორც „სამხრეთის კარიბჭე“ წერს, ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, ახალგაზრდა ქალები სექსუალურ შევიწროვებაში 2024 წლის დეკემბერში ადანაშაულებდნენ. სავარაუდოდ საუბარია 5–ზე მეტ ადამიანზე.
სამი მათგანი „სამხრეთის კარიბჭეს“ უყვება, როგორ სთავაზობდა მოძღვარი, აღსარების ჩაბარების დროს, სექსუალურ ურთიერთობას. არქიმანდრიტმა „სამხრეთის კარიბჭეთან” კომენტარი არც მაშინ გააკეთა, მხოლოდ ის თქვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
ამბის გახმაურებიდან მალევე, სასულიერო პირს მეუფე თეოდორემ მღვდელმოქმედება შეუჩერა, თუმცა რამდენი ხნით გამოცემისთვის უცნობია.
მას შემდეგ ერთი წელია გასული. როგორც გასული წლის იანვარში ანდრია ჯაღმაიძემ „სამხრეთის კარიბჭის“ რედაქციას უთხრა, არქიმანდრიტი ნიკოლოზი „წაყენებულ ბრალს არ აღიარებდა და არც მომჩივანის წინაშე ისურვა თავის მართლება”.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ანდრია ჯაღმაიძეს რათა გადაგვემოწმებინა ინფორმაცია არქიმანდრიტ ნიკოლოზისათვის სავარაუდოდ მღვდელმოქმედების აღდგენის თაობაზე. როგორც მან „პუბლიკას“ უთხრა, აღნიშნბულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.