სამხრეთის სამხედრო ოლქში რუსეთმა 3-კვირიანი ტაქტიკური წვრთნები დაიწყო - Reuters

პუბლიკა

გამოცემა Reuters რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა სამხრეთის სამხედრო ოლქში, რომელიც საქართველოსა და უკრაინას ესაზღვრება ღამის 3-კვირიანი ტაქტიკური სწავლება დაიწყო.

წვრთნების დაწყების შესახებ ინფორმაცია პუტინისა და მაკრონის შეხვედრიდან რამდენიმე საათში, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ფრანგული მედიის ინფორმაციით, პუტინი დაჰპირდა მაკრონს, რომ დროებით ახალ სამხედრო მანევრებს არ წამოიწყებდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ღამის ტაქტიკურ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს მძიმე ტექნიკაც, მათ შორის, სარაკეტო სისტემები, ტანკები და ჯავშანტექნიკა.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქი კავკასიის რეგიონსა და მის ჩრდილოეთით უკრაინასა და ყაზახეთს შორის მოქცეულ ტერიტორიებს მოიცავს. რუსეთმა კი უკრაინის საზღვრებთან ბოლო თვეების განმავლობაში 130 000-მდე სამხედროსა და მძიმე შეიარაღებას მოუყარა თავი.

რუსეთმა ათი ათასობით სამხედრო შეიყვანა ბელარუსშიც, სადაც ოფიციალური ინფორმაციით, ორი ქვეყანა ერთობლივ წვრთნებს გეგმავს. ასევე მასშტაბური სწავლებები დაიწყო მოსკოვმა შორეულ აღმოსავლეთში, რამაც იაპონიის შეშფოთება გამოიწვია.