პარტია „მოქალაქეების” დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის პრეცედენტის დაშვება ციხეში ბუნტს გამოიწვევს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
„ამ ხელისუფლებაში მე რასაც ვხედავ და რაც მაცოფებს, არის ის, რომ ბევრი სააკაშვილის დაუძლურების ყურებით ბევრი გულს იფხანს… დამარცხებულ მეტოქეზე შურისძიება არ არის შურისძიება, ხშირ შემთხვევაში შურისძიება ღირსეული ამბავია. მე შურისძიება მესმის ტოლზე ან შენზე ძლიერზე როცა იძიებ შურს, მაგრამ დამარცხებულზე, დაუძლურებულზე რომ შურს იძიებ, მაგას სიმდაბლე ჰქვია…
სხვა მხრივ, რომ შევხედოთ სააკაშვილი ციხეში არ არის, ის არის კლინიკაში… მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი. მიმაჩნია, რომ სააკაშვილმა დააშავა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ძალაუფლებას გადააჭარბა, ამის გამო ის ციხეში უნდა მჯდარიყო…”, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას, ელისაშვილი პასუხობს:
„ამას მთლად ვერ ვეთანხმები, სიმართლე გითხრათ… თუ დაშვება მოხდება პრეცედენტის, რომ მძიმე ავადმყოფი მსჯავრდადებულის გადაყვანა მოხდება უცხოეთში, ციხეებში მოხდება მაგარი ბუნტი, პირდაპირ გეუბნებით. შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, 4 თვე მქონდა პატიმრებთან შეხება. ისეთი ამბავი ატყდება ციხეებში… საგნების გადაყლაპვა…
[იტყვიან, რომ პრეზიდენტი არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, წამყვანი] – მიდი და გააგებინე. იქ იცი როგორ არის?! იქ აბსოლუტურად სხვა რაღაც ხდება, 25 წელი რომ გაქვს მისჯილი, კოვზსაც გადაყლაპავ, ჩუსტსაც მიაყოლებ, თავსაც დაიზიანებ. იცით რა ამბები ატყდება იქ, ამ პრეცედენტის დაშვება თუ მოხდება?! რა გგონიათ მძიმე ავადმყოფები ციხეებში არ არიან?“, – განაცხადა ელისაშვილმა.