პაპუაშვილის განცხადება კანონდარღვევაა - რეგისტრაცია უნდა გავიაროთ, ეს არის კანონის მოთხოვნა - სამნიძე

პუბლიკა

პარლამენტის ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადება სხდომაზე უმრავლესობის არდასწრების შესახებ კანონდარღვევაა.

მისი განმარტებით, დარბაზი უნდა გაიხსნას, დეპუტატები უნდა შევიდნენ დარბაზში და სარეგისტრაციო ღილაკებზე ხელის დაჭერით დაითვალოს, რამდენი დეპუტატი ესწრება სხდომას.

მისი თქმით, ცხადი ხდება, რომ „ქართული ოცნება“ ვერ ბედავს და გაურბის პასუხისმგებლობას.

სამნიძის თქმით, ოპოზიცია მზადაა, „ოცნების“ მიერ მომზადებულ განცხადებას დაუჭიროს მხარი, მაგრამ, მისივე თქმით, უმრავლესობას ურჩევნია, თავი შეირცხვინოს, კანონი დაარღვიოს და სხდომაზე არ მოვიდეს.

„12 საათზე ოპოზიცია იქნება აქ და დაელოდება „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, არა შალვა პაპუაშვილს და მის ბრძანებას, არამედ თითოეულ დეპუტატს. ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. გახსნან დარბაზი და ვნახოთ, რამდენი დეპუტატი იქნება დარბაზში“, – განაცხადა სამნიძემ.

ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, პროდასავლური ღირებულებების მქონე საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია და პრეზიდენტის მიმართ გაგზავნილ მიმართვაზე მათი ხელმოწერა იყო.

„სხდომა ჩანიშნულია, ყველა დეპუტატი იქნება აქ, დარბაზი უნდა გაიხსნას კანონის შესაბამისად, ამას მოითხოვს რეგლამენტი. შევიდეთ დარბაზში, დაველოდოთ 12 საათს, შეიძლება 1-ლის ნახევრამდე და შემდეგ უნდა დაფიქსირდეს, ვინ არის დარბაზში და ვინ არა. პაპუაშვილი თავებს ვერ დათვლის, უნდა დაითვალოს კომპიუტერმა, სადაც ვაფიქსირებთ რეგისტრაციას. რეგისტრაცია უნდა გავიაროთ, ეს არის კანონის მოთხოვნა“, – განაცხადა სამნიძემ.


შალვა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ორივე საკითხი ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს.

მისი თქმით, სხდომისთვის 76 დეპუტატია საჭირო, უმრავლესობის მიღმა კი მხოლოდ 61 დეპუტატია დარჩენილი და, შესაბამისად, თეორიულადაც გამორიცხულია სხდომის გახსნისთვის საჭირო 76 დეპუტატის მიერ რეგისტრაციის გავლა.

„გამომდინარე აქედან, რიგგარეშე სხდომა ვერ გაიმართება და ასევე, აზრს მოკლებულია რეგისტრაციის პროცედურაც.“ – განაცხადა პაპუაშვილმა.