სამოქალაქო მოძრაობები პრეზიდენტს სთხოვენ, დაადოს ვეტო „კარვების კანონს"

პუბლიკა

სამოქალაქო საზოგადოება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს და სთხოვს, რომ პარლამენტში სამი მოსმენით დაჩქარებული წესით მიღებულ ე.წ „კარვების კანონს” ვეტო დაადოს.

წერილის ავტორების თქმით, პარლამენტმა მიიღო „ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონი”, საჭიროა მას დაედოს ვეტო, მითუმეტეს, დღეს, როცა ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსს.

„შემოთავაზებული ნორმა უხეშად ერევა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაში და საკონსტიტუციო დანაწესის იგნორირებით ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას; კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ძალოვან სტრუქტურებს მიეცემათ საშუალება დაუსაბუთებლად, ნებისმიერ დროს შეზღუდონ გამოხატვის თავისუფლება, ამასთან, ჩვენი კონსტიტუციური უფლებების პრაქტიკის გამო, დაგვაკისრონ მძიმე პასუხისმგებლობა, რიგ შემთხვევებში, თავისუფლების შეზღუდვის ფორმითაც. ხელისუფლების მორიგი მცდელობა, ლეგიტიმაცია შესძინოს რუსეთსა და სხვა ტოტალიტარულ ქვეყნებში მოქმედი რეჟიმებისთვის დამახასიათებელ, ანტიდემოკრატიულ შეზღუდვებს, კიდევ უფრო მწვავე საფრთხის ქვეშ დააყენებს საქართველოს ევროპასთან ასოცირების პერსპექტივას, განსაკუთრებით დღეს, გადამწყვეტ, გზაგასაყარ მომენტში, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.

მოგმართავთ თხოვნით, კვლავ დადგეთ კონსტიტუციური წესრიგისა და თქვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის სადარაჯოზე და დემოკრატიული სისტემიდან გასულ ამ კანონპროექტს დაადოთ ვეტო”, – ვკითხულობთ ღია წერილში.

წერილის ხელმომწერი სამოქალაქო მოძრაობები არიან: ტალღა, ჯიუტი, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის, დაფიონი. 

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების” კანონპროექტი, რომლითაც აქციებზე კარვების გაშლა და სხვა დროებითი კონსტრუქციების მოწყობა იზღუდება.