თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან თავდაცვის სამინისტროს ახალ ინიციატივაზე განმარტების სახით აღნიშნა, რომ სამოქალაქო პირებს, რომლებსაც სამი წელი და მეტი ვადით ერიცხებათ სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ დავალიანება, ჩამოეწერებათ.
„ჩვენ გვინდა, საზოგადოებას გავუზიაროთ და ვაცნობოთ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მორიგი, ახალი ინიციატივა. ინიციატივის შესაბამისად, მოქალაქეებს (და ასეთი რამდენიმე ასეულია), რომლებსაც სამი წელი და ზემოთ ვადით ერიცხებათ სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ არსებული სამედიცინო დავალიანება, ეს დავალიანება ჩამოიწერება. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ დავალიანების რაოდენობა 1 600 000 ლარზე მეტია“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა შეეხება იმ პაციენტებს, რომლებსაც გარკვეული დავალიანება 2009 წლიდან დღემდე ერიცხებოდათ.
„პუბლიკა“ დეტალების დასაზუსტებლად თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ აღნიშნული ინიციატივა 1000-მდე სამოქალაქო პირს შეეხება, რომლებმაც სამხედრო ჰოსპიტალში 2009 წლიდან სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება მიიღეს (მათ შორის, ოპერაციების დავალიანება და ა.შ.).