სამოქალაქო პლატფორმაში მშვიდობისათვის გაერთიანებული სამოქალაქო ორგანიზაციები და ექსპერტები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არდაყენებასთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ ეს ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმას ნიშნავს.
პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციების თანახმად, მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას უჭერს მხარს.
„ასეთი მიდგომა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ კონტექსტში, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის წარმატებული პროცესი საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მთავარ ღერძს წარმოადგენდა, რაც რიგ სამთავრობო დოკუმენტებშიც არის ხაზგასმული.
2018 წელს დამტკიცებული სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ თანახმად, „საქართველოს მთავრობის მიზანია, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგად მიღებული სარგებელი, მათ შორის, შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, გაუზიაროს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთ“. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ და ევროკავშირში გაწევრიანების რეალურმა პერსპექტივამ გააჩინა შესაძლებლობა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი მეტად ეფექტიანი და წარმატებული გამხდარიყო.
ამდენად, უკანასკნელ პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება და მასზე ღიად უარის თქმა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენასა და ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივას. იმ დროს, როდესაც თავად საქართველო კარგავს ევროკავშირის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებას, ხოლო საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი დგას ევროკავშირის წევრი-ქვეყნების დღის წესრიგში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისთვის სარგებლის გაზიარებაზე საუბარიც ზედმეტია.
გარდა ამისა, 2008 წლიდან ევროკავშირი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის არაღიარების პოლიტიკის გატარებისა და საქართველოში ნდობის აღდგენისკენ მიმართული პროექტების მხარდაჭერის გზით. 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შუამდგომლობით, სწორედ ევროკავშირი გახდა საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტორი, ხოლო „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ქმედებები ევროკავშირის წინააღმდეგ საქართველოს ოკუპანტი-ძალის წინაშე პირისპირ, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე ტოვებს და არსებითად ასუსტებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე. ანალოგიურად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი აშშ-ს მიუძღვის და „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა ამ მიმართულებაზეც ძალზე უარყოფითად აისახება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები „კატეგორიულად მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგას“.
ამასთან, მოუწოდებენ, დაასრულოს ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ამ მორიგ ანტიდასავლურ ქმედებას აპროტესტებენ, და პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოში დააბრუნოს.
პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები:
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- სტუდია რე
- კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის
- კულტურულ ურთიერთობა ცენტრი – კავკასიური სახლი
- ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (ISNC)
- კავშირი „მომავლის ცხინვალი“
- მეწარმე ქალთა ფონდი
- ლევან მიქელაძის ფონდი
- მოძრაობა აფხაზეთისთვის
- კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN)
- მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი ( CPCD)
- დემოკრატიის კვლევის ცენტრი
- იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა“
- „დავიწყოთ ახლა“
- ქალთა ფონდი “სოხუმი”
- პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო”
- სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”
- საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“
- პაატა ზაქარეიშვილი
- მარინა ფაღავა
- მარინა ფოჩხუა
- რუსუდან მარშანია
- მიხეილ ჯახუა