არასამთავრობო ორგანიზაციამ, „სამოქალაქო საზოგადოება“ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას ღია პლატფორმა, რომელიც შესაბამისი მტკიცებულებების გამოაშკარავებაზე სხვადასხვა ჯგუფთან ერთად იმუშავებს.
„ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზების საძიებლად. ამისთვის, გთავაზობთ ღია პლატფორმას, რომელშიც ვიწვევთ ყველა კვალიფიციურ ექსპერტსა და ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას, განურჩევლად მათი საარჩევნო შედეგებისა.
პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ აქტორებსა და პარტიებს შორის ძალისხმევისა და რესურსების მობილიზაციას, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის კოორდინაციას, საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან აქტიურ მუშაობას მიუკერძოებელი და დეტალური გამოძიების ჩასატარებლად, რომელიც გამოააშკარავებს „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული არჩევნების მტკიცებულებებს.
საზოგადოების ფართო ფენებთან პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე კომუნიკაციას. მოვუწოდებთ ყველას საქართველოში, პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტულ საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოებას, დავდგეთ ერთად, ახლა მაინც გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის წინაშე, გადავდოთ ყველა განსხვავება გვერდით, წინ ისეთი მოწინააღმდეგე, რომელიც ჩვენ მხოლოდ საერთო რესურსებით, ინტელექტით შევძლებთ გავუწიოთ წინააღმდეგობა და ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს”, – აღნიშნეს „სამოქალაქო საზოგადოებაში”.
ცესკოს მიერ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გაავრცელეს მოწოდებები დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ გამოვლენილ დარღვევებზე და აღნიშნავენ, რომ საჭიროა მისი დაუყოვნებლივ აღმოფხვრა. გამოძიების საჭიროებაზე საუბრობს სახელმწიფო დეპარტამენტიც. პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს კონსულტაციები ევროპულ ქვეყნებთან, რათა იმსჯელონ, გამოძიების ჩასატარებლად რომელი ორგანო იქნება შესაფერისი.