სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებთან დაკავშირებით თავის ხედვას ავრცელებს. საერთო განცხადებას ხელს 40 ორგანიზაცია და პირი აწერს.

ისინი მიესალმებიან მოლაპარაკების პროცესში ევროპელი პარტნიორების აქტიურ როლს და აცხადებენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემოთავაზებული 6 პუნქტის გარშემო შეთანხმების მიღწევა კრიზისიდან გამოსვლის საშუალებას მისცემს ქვეყანას.

სამოქალაქო საზოგადოებას მიაჩნია, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა შესაძლებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შედეგად, რომელთა მიზანი არსებული დაძაბული სიტუაციის განმუხტვა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ინსტიტუციური რეფორმების გატარება უნდა იყოს.

„პოლიტიკური კრიზისი, განსაკუთრებით გამძაფრდა პოსტსაარჩევნო პერიოდში. ქვეყანაში არ მუშაობს ხელისუფლების დანაწილების დაბალანსებული სისტემა. პარლამენტი უკიდურესად სუსტ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, რომელიც ეფექტურად ვერ აკონტროლებს  აღმასრულებელ ხელისუფლებას, ოპოზიციას არ აქვს მინიჭებული საპარლამენტო კონტროლის ეფექტური მექანიზმებით სარგებლობის უფლებამოსილება და მისი როლი ფაქტიურად იგნორირებულია. მართლმსაჯულების სისტემა არ მოქმედებს კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით და მის მიმართ საზოგადოების ნდობა ძალზედ  დაბალია. ხშირია კანონის აღსრულების შერჩევითი მიდგომები და პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება ამის მკაფიო ილუსტრაციაა. სახეზეა მაღალი დონის კორუფციის არსებობის უტყუარი ნიშნები. საზოგადოება და მედია არის უკიდურესად პოლარიზებული. აგრესიული გარემო ზოგ შემთხვევაში ადამიანებს ფიზიკური ანგარიშსწორებისკენაც უბიძგებს, რისი მკაფიო დადასტურებაა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისი კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს თავიდანვე განმუხტავდა დამოუკიდებელი ინსტიტუტების კანონის შესაბამისად მოქმედება, თუმცა,  სამწუხაროდ, ისინი უმეტესწილად პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებენ. ამის მკაფიო მაგალითი, საპარლამენტო არჩევნების დროს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის (ცესკო, შსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სასამართლო და ა.შ) არასათანადო მუშაობა იყო.

ცალსახაა, რომ მომავალში   საქართველოში დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობა უმთავრესი ამოცანა უნდა გახდეს, რათა სახელმწიფო სათანადოდ გაუმკლავდეს ეგზისტენციურ გამოწვევებს.

ცხადია, ამ და სხვა პრობლემების გადაწყვეტა საჭიროებს საზოგადოების კონსოლიდაციის განსაკუთრებულ ხარისხსა და მთავარი მიზნის გამოკვეთას, რაც ჩვენი ქვეყნის წინსვლის წინაპირობა იქნება. ამისათვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მმართველი პარტიის მხრიდან არსებობდეს იმის განცდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე უმეტესად პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. მათ უნდა გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, რომ მზად არიან გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ქვეყანაში დაძაბულობის განმუხტვის, პოლარიზაციის დასრულებისა და დემოკრატიული რეფორმების გზით ძალაუფლების განაწილების კუთხით. მნიშვნელოვანია, ასევე ოპოზიციამ არ თქვას უარი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება დიალოგისკენ გადადგამს კონკრეტულ პოზიტიურ ნაბიჯებს.

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ  მმართველ პარტიას, ჩვენი სამშობლოს წინსვლისთვის, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს  ვითარების დეესკალაცია და მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების დაწყება. აუცილებელია ამ პროცესში  ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის თანამონაწილეობა  და პოტენციურ ვადამდელ არჩევნების საკითხზე შეთანხმებასთან ერთადყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რაც ქვეყანას განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, უზრუნველყოფს დაბალანსებისა და გაწონასწორების ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც  მომავალში სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცევას გამორიცხავს და ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუქცევადს გახდის. მიგვაჩნია, რომ კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, უნდა გადაიდგას რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი:

  1. სიტუაციის განმუხტვის, ნდობის აღდგენის და მოლაპარაკებებისთვის ხელისშემწყობი გარემოს შექმნის მიზნით გათავისუფლდეს ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ნიკა მელია და ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელემაუწყებლის მეწილე, გიორგი რურუა. შეწყდეს სამართლებრივი დევნა პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა, ასევე, ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფიგურანტების წინააღმდეგ.
  2. გატარდეს რეალური საარჩევნო რეფორმა;

ახალმა საარჩევნო რეფორმამ უნდა გაზარდოს როგორც ამომრჩევლების, ისე პარტიების  ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ. რეფორმის ფარგლებში უნდა შეიცვალოს ცენტრალური, საოლქო და საუბნო  საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი;  უნდა დაინერგოს ხმის მიცემის და დათვლის  ელექტრონული სისტემები; უნდა განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის რეფორმა; საპარლამენტო საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს სრულად პროპორციული სისტემით, უფრო მცირე ბარიერით.

  1. გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია და ოპოზიციას  პოლიტიკურ პროცესზე გავლენის გარკვეული ბერკეტები გადაეცეს;
  • მნიშვნელოვანია, არჩევნების დროს მომხდარი დარღვევები გამოიძიოს და გაანალიზოს  პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ, რომელშიც ჩაერთვება  ყველა საპარლამენტო პარტია  და მას ექნება საზოგადოების ნდობა. აუცილებელია კომისიის თავმჯდომარე იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი, მმართველმა პარტიამ კი გაიზიაროს კომისიის მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. კომისიის დასკვნის საფუძველზე  უნდა დადგეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
  • მნიშვნელოვანია გაიზარდოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია და ოპოზიცია  სრულფასოვნად მონაწილეობდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აუცილებელია შეიცვალოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, რათა ოპოზიციას  რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარის დანიშვნის უფლება გადაეცეს. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში და ვენეციის კომისიის უკანასკნელი რეკომენდაციით, უმცირესობა ხელმძღვანელობს საფინანსო-საბიუჯეტო  კომიტეტს. ასევე, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ოპოზიციის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს იურიდიულ და ადამიანის უფლებების კომიტეტებს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ოპოზიციას განსაკუთრებული როლი ენიჭება თავდაცვისა და უშიშროების სფეროს ზედამხედველობის საკითხებში.  ასევე შესაძლებელია კომიტეტების თავმჯდომარეობა პროპორციულად განაწილდეს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის.
  1. გადაიდგას ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის მიმართულებით
  • ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირია საუბარი პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებსა და დაკავებებზე. აუცილებელია მოხდეს შეთანხმება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნეიტრალური პირის დანიშვნის თაობაზე. ასევე, შეიცვალოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი და ამ პროცესში გაიზარდოს საპარლამენტო უმცირესობის როლი.
  • მნიშვნელოვანია ჩატარდეს სასამართლოს რეალური რეფორმა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლის ავტონომიურობის ზრდის მეშვეობით მართლმსაჯულების სისტემაში ძალაუფლების დეკონცენტრაციას. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის ამაღლებას და ასევე გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, რაც ეკონომიკური კრიზისის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
  • მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს ნეიტრალური და კვალიფიციური მოსამართლეებით დაკომპლექტება და კანდიდატების კონსენსუსით დანიშვნაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომლებიც არ იქნებიან მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან ე.წ. „კლანის“ წევრებთან დაკავშირებულნი.
  • უნდა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების  წესი, რომლითაც მოსამართლეთა უმცირესობას საბჭოს შემადგენლობაში საკუთარი კანდიდატის არჩევის შესაძლებლობა მიეცემა. ამასთანავე, პარლამენტის მიერ არამოსამართლე წევრების დანიშვნისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს  გამჭვირვალე და პოლიტიკური ჯგუფების კონსენსუსისკენ მიმართული პროცესი. საბჭოს წევრების უმრავლესობას ვადა უახლოეს პერიოდში ეწურება, რაც აჩენს უნიკალურ შანსს, რომ სასამართლოს მმართველი ორგანო  ნეიტრალური და ღირსეული კანდიდატებით შეივსოს.
  1. ჩატარდეს ეფექტური ანტიკორუფციული რეფორმა
  • დაიწყოს მუშაობა ეროვნული ანტიკორუფციული სამსახურის ჩამოყალიბების მიმართულებით, რომლის მთავარი ფუნქცია ქვეყანაში კორუფციის პრევენცია და გამოძიება იქნება. უწყება ანგარიშვალდებული უნდა იყოს პარლამენტის წინაშე. უწყების ხელმძღვანელი ოპოზიციის ჩართულობით უნდა დაინიშნოს.
  • მნიშვნელოვანია საქართველოს მთავარი აუდიტორის დანიშვნის წესის შეცვლა და ამ პროცესში ოპოზიციის როლის გამოკვეთა. მთავარი აუდიტორის ოპოზიციის კვოტით დანიშვნა კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები  მზად ვართ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით წინადადებები წარვუდგინოთ როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას და აქტიურად ჩავერთოთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, რათა  მომდევნო არჩევნებს უფრო დაბალანსებული და დემოკრატიული სისტემით შევხვდეთ.  ვფიქრობთ, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად ამ საკითხების უმოკლეს ვადებში ფართო ჩართულობით გადაჭრა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და თითოეული მოქალაქის ინტერესებშია. აუცილებელია ოპოზიციის მონაწილეობა  დემოკრატიულ პროცესსა და რეფორმებში მინიმუმ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება კონკრეტულ პოზიტიურ ნაბიჯებს გადადგამს და ამით გზას გაუხსნის,  საზოგადოების სრული კონსოლიდაციით ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს“, – აცხადებს სამოქალაქო საზოგადოება.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო – TI Georgia
  2. ღია საზოგადოების ფონდი – OSGF
  3. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
  4. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED
  5. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი – EPRC
  6. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI
  7. საზოგადოება და ბანკები
  8. მწვანე ალტერნატივა
  9. ცენტრი “ემპათია”
  10. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  11. მედიის განვითარების ფონდი – MDF
  12. საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS
  13. საფარი
  14. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  15. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  16. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  17. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  18. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  19. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  20. სამოქალაქო პლატფორმა 20/20
  21. გიორგი მშვენიერაძე – იურისტი
  22. ლაშა ბუღაძე – მწერალი, დრამატურგი
  23. რატი ამაღლობელი – პოეტი
  24. პაატა შამუგია – საქართველოს პენ ცენტრის პრეზიდენტი, პოეტი
  25. ნინია კაკაბაძე – ჟურნალისტი
  26. გია ხუხაშვილი – პოლიტიკის ანალიტიკოსი
  27. ხათუნა ლაგაზიძე – პოლიტოლოგი
  28. ლაშა ტუღუში – ლიბერალური აკადემია თბილისი
  29. ზვიად ქორიძე – ჟურნალისტი
  30. ნინო დანელია  – მედია კლუბი
  31. გიორგი ქადაგიძე – საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი
  32. კახი ყურაშვილი – სამართლის დოქტორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი
  33. კოტე ჩოკორაია – ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული  პროფესორი
  34. მალხაზ ნაკაშიძე – ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  35. თენგიზ თევზაძე – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
  36. გიორგი გორაძე – პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი
  37. გივი ლუაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, თბილისის ღია უნივერსიტეტის ასისტენტი
  38. ნინო ბოჭორიშვილი – სამართლის დოქტორი, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
  39. დავით ჯანდიერი – სამართლის დოქტორი, პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა)
  40. ზურაბ ჯიბღაშვილი – სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი