სამოქალაქო საზოგადოება სამირა ბარიამოვაზე თავდამსხმელი საჯარო მოხელეების გათავისუფლებას მოითხოვს

პუბლიკა

სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან 2 ივლისს მარნეულში „შინ ევროპისკენ“ კამპანიის დროს სამირა ბაირამოვაზე მერიის და საკრებულოს თანამშრომლების თავდასხმას, რა დროსაც ისინი სამოქალაქო აქტივისტს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ჰქონდათ ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც.

20-მდე ორგანიზაცია წერს, რომ სამირა ბარიამოვასთვის კამპანიის წარმოებაში ხელშეშლის დროს შეიზღუდა კონსტიტუციით უზრუნველყოფილი აზრის და ინფორმაციის გავრცელების უფლება.

მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების უხეში შეზღუდვა არღვევს საჯარო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებულ საჯარო მოხელის ეთიკურ ნორმებს.

„2022 წლის 2 ივლისს მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეების აშკარა, შეურაცხმყოფელი ქცევები, სიძულვილის ენა და ამავე პირების მიერ აქციის შემდგომ სოციალურ ქსელში დღემდე მიმდინარე აქტივობები პირდაპირ და უხეშად ხელყოფს საჯარო სამსახურის პრინციპებს, შეუთავსებელია ეთიკურ ღირებულებებთან და არღვევს არაერთი ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას. ამასთან, არსებობს გონივრული ეჭვები, რომ ამ მოხელეების ქცევები მოტივირებულია პარტიული ინტერესებით, რაც ასევე არღვევს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ისინი შეშფუთებას გამოთქვამენ და მოუწოდებენ მარნეულის მერიას, დაიწყოს დისციპლინური წარმოება საჯაროდ და დღემდე მიმდინარე გადაცდომებისთვის:

  1. თანამდებობიდან გაანთავისუფლოს რიმა ოთარაშვილი და ირმა ზარქუა;
  2. თანამდებობიდან გაანთავისუფლოს ააიპ ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა _ ბაღების გაერთიანება (სკოლამდელი აღზრდის ცენტრის) დირექტორის მოადგილე, სოსო ინაძე რომელიც არღვევდა კანონს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სამირა ბაირამოვას.
  3. თვითმმართველობის ცალკეულმა პირებმა შეწყვიტონ შეურაცხყოფაზე დაფუძნებული გამოხატვა და დაიწყონ კონსტრუქციული თანამშრომლობა მედიასა და სამოქალაქო სექტორთან.

ორგანიზაციებისა და აქტივისტების განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.