არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანტიკორუფციულ ბიუროს უპასუხეს – 7-მა ორგანიზაციამ 11 აგვისტოს მიიღო წერილი, რომლითაც მოთხოვნილია განმარტებები, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ ისინი უცხო ქვეყნის აგენტებად.
ორგანიზაციებმა ანტიკორუფციულ ბიუროს ინდივიდუალურად უპასუხეს.
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა” თავის წერილში მიუთითა, რომ:
FARA არ ითვალისწინებს ე.წ. ინსპექტირებასა და მოკვლევას – ეს უფლებამოსილება ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა მის მიერვე მიღებული კანონქვემდებარე აქტით დაიდგინა. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების ფონდისთვის გამოგზავნილ წერილში გაჟღერებული მოთხოვნები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას, და არღვევს კანონიერების პრინციპს.
ამავე დროს, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” ხაზს უსვამს, რომ არ ექვემდებარება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის“ დადგენილ მოთხოვნებს.
„ჩვენი ორგანიზაცია არის საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს ავტონომიური მმართველო ორგანო – აღმასრულებელი საბჭო და აღმასრულებელი დირექტორი. სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა განსაზღვრულია წესდებითა და კანონმდებლობით, და ორგანიზაცია არავის მითითებასა და კონტროლს არ ექვემდებარება.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი არ მონაწილეობს პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოური პრინციპალების სასარგებლოდ ან ინტერესის შესაბამისად. ფონდი საქმიანობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული პრინციპებისა და მიზნების მისაღწევად საქართველოში, ქართველი ხალხის სასარგებლოდ”. – ნათქვამია ორგანიზაციის წერილში.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა 15 აგვისტოს განაცხადეს, რომ 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან მორიგი წერილი მიიღეს, რომელშიც „ქართული ოცნების FARA”-ს დარღვევას ედავებიან.
„2025 წლის 11 აგვისტოს ექვსმა ორგანიზაციამ მივიღეთ ანტიკორუფციული ბიუროს მორიგი წერილი, რომლითაც ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას გვედავებიან, ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად.
მრავალგზის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ჩვენ ვართ ჩვენივე წესდებით მოქმედი დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მისიაა ქალების, ბავშვების, მშრომელების, შშმ პირების, დევნილების და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა; ჩვენი მისია არჩევნების დაკვირვება, კორუფციისა და დეზინფორმაციის მხილება, დემოკრატიის დაცვა და ქართველი ხალხის დახმარებაა.
ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის და საქართველოს ინტერესებს”. – განაცხადეს მათ.
ორგანიზაციებმა მიუთითეს, რომ ამერიკული FARA-ს სტანდარტით, რომლის ასლიც არის თითქოს ეს კანონი, მათ არ ეკუთვნით ამ რეესტრში რეგისტრაცია.