სამოქალაქო წესრიგი, სასურსათო მარაგები და სხვა - 4 მიმართულება კორონავისურთან ბრძოლაში

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე იმ 4 მიმართულებაზე ისაუბრა, რომელზეც ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში უნდა იყოს კონცენტრირებული. ამ აღნიშნულ მიმართულებებზე პასუხისმგებელი პირებიც დაასახელა:

I – ჯანდაცვის მიმართულება – პასუხისმგებელი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე;

II – სამოქალაქო წესრიგი – რომელზეც სრულად პასუხისმგებელი არის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური;

III – სასურსათო მარაგების მართვა, ლოჯისტიკა და ტრანსპორტირება – ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლავთ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

IV – ეკონომიკური მიმართულება – პასუხისმგებელი გახლავთ ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი. გახარიას თქმით, კრიზისის შემდგომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზადყოფნაში, რომ ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად აღდგეს. „ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა მინიმალურად დაზიანდეს”, – აღნიშნა მან.

„დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები, ისევე როგორც კერძო და სამოქალაქო საზოგადება, სრულ მზადყოფნაში ვართ, რომ  ეფექტურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ამ ვირუსთან ბრძოლაში”, – განაცხადა გახარიამ ბრიფინგზე.


გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისთვის ახალი შეზღუდვების შესახებაც განაცხადა.

მისი თქმით, ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელისა და ბენზინ გასამართი ქსელის, საფოსტო და საბანკო განყოფილებებისა, უნდა იყოს დახურული, რომ ქვეყანაში უზრუნველვყოთ სოციალური დისტანცია და შევზღუდოთ მობილურობის ხარისხი.