სამოქალაქოს მასწავლებლები: ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას კონსტიტუციის დაცვის მოთხოვნით გამოსული დემონსტრანტების მიმართ

პუბლიკა

სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ გმობენ და ემიჯნებიან იმ ძალადობას, „რომელსაც ბოლო დღეებში ვუყურებთ კონსტიტუციის დაცვის მოთხოვნით გამოსული მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ”.

„ჩვენ, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვინც წლების განმავლობაში ერთგულად ვემსახურებით ეროვნულ ინტერესს, შევქმნათ მშვიდობიანი, სოლიდარული, განვითარებული საზოგადოება, აღვზარდოთ ქვეყნის ინტერესების დამცველი აქტიური მოქალაქეები, ვფიქრობთ, რომ  ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რომლებსაც სამოქალაქო განათლების საგანი ეფუძნება და ხელს უშლის საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, ტოლერანტული და მშვიდობიანი გარემოს ჩამოყალიბებას.

ვუერთდებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლების ნაწილს და მიგვაჩნია,  რომ 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს: კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და  სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვგმობთ და ვემიჯნებით იმ ძალადობას, რომელსაც ბოლო დღეებში ვუყურებთ კონსტიტუციის დაცვის მოთხოვნით გამოსული მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

საქართველოს კონსტიტუციით დაცული აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების ფარგლებში, ქვემოთ ხელმომწერნი ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ამ დროისთვის [17:44] ხელს აწერს 323 ადამიანი, თუმცა ხელმომწერთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.