სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიცია განცხადებას აქციაზე გააკეთებს

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია იწყება. ოპოზიციის ლიდერების თქმით, სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთებენ. მათ რამდენიმე წუთის წინ დატოვეს „ლელოს” ოფისი, სადაც სხვადასხვა ოპოციზიური პარტიის ლიდერი იყო შეკრებილი და მსჯელობდნენ სამომავლო გეგმებზე. ისინი „ლელოს” ოფისიდან რუსთაველის გამზირზე გაემართნენ.


გუშინ, 8 ნოემბერს პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოთან გადაინაცვლეს. ცესკოთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. შსს-ის შეფასებით, ჭავლის გამოყენება სამართალდამცველებმა მყისიერი საფრთხის გამო გადაწყვიტეს. არასამთავრობო სექტორის შეფასებით კი, საფრთხე არ იყო მყისიერი და პოლიციამ არალეგიტიმური ძალა გამოიყენა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ.

შსს-ის ცნობით, აქციის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. ადმინისტრაციული წესით, სულ 19 პირია დაკავებული.