ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, საჯარო მოხელე მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებულ ინფორმაციას მოსალოდნელი ინსპექტირების შესახებ, შემოწმებამდე რამდენიმე დღით ადრე, შპს „ფერმერთა სახლის“ მმართველს აწვდიდა, რომ კომპანიას თავიდან აერიდებინა მოსალოდნელი დაჯარიმება. ფინანსთა სამინისტროს თქმით, აღნიშნული მეწარმე ქალაქ გორში ახორციელებდა კომპანია BAYER-ის პრეპარატის, LUNA SENSATION-ის სახელით ფალსიფიცირებული აგროქიმიკატის რეალიზაციას.
საქმეზე გამოძიება სსსკ 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის მსურველ პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან. საგამოძიებო სამსახურის რეაგირება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მყისიერი და მკაცრი” – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.