სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით პენიტენციურის 3 თანამშრომელს ბრალი წარედგინა

პუბლიკა

„სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის 3 თანამშრომელს ბრალი წარედგინა“, – ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით,  2021 წლის 15 ოქტომბერს, დაიწყო გამოძიება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, რამაც პატიმრის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

მათი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებული, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, იმყოფებოდა 24-საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ და 2021 წლის 14 ოქტომბერს, იგი სამკურნალოდ გადაიყვანეს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ და განათავსეს სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აღჭურვილ პალატაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, 15 ოქტომბერს ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფის წევრებმა, რომლებსაც ევალებოდათ პატიმრის მონიტორინგი და რომელთათვისაც ცნობილი იყო წარსულში პატიმრის მიერ თვითდაზიანებების მიყენების ფაქტის თაობაზე, არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და პალატაში მარტო მყოფი ბრალდებული დატოვეს მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე. სამსახურის განცხადებით, უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ბრალდებულმა თავი ჩამოიხრჩო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

2022 წლის 7 თებერვალს, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის 3 თანამშრომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე პროკურორს მიმართა.

2022 წლის 9 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დააკმაყოფილა მიმართვა და დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა  ესკორტის ოფიცრების მიმართ,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით – სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.