სამსახურიდან გათავისუფლებული სოციალური მუშაკები პარლამენტს მიმართავენ

პუბლიკა

სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ დღეს პრესკონფერენცია გამართა და პარლამენტის წევრებს მიმართა. სოცმუშაკები პარლამენტს სთხოვენ, იტვირთოს ზედამხედველის ფუნქცია და გაარკვიოს, თუ რა ნიშნით გაათავისუფლეს 33 სოციალური მუშაკი სამსახურიდან.

„ძვირფასო პარლამენტის წევრებო, მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ მოიკვლიოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები და საქართველოს პარლამენტმა იტვირთოს ზედამხედველობის ფუნქცია.
უმნიშვნელოვანესია, პასუხი გაეცეს შემდეგ შეკითხვებს:

  • რატომ არ შეასრულა სოციალური დაცვის სამინისტრომ სოციალური მუშაობის კანონის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, რატომ არ დაამატა 50 სოციალური მუშაკი.
  • რატომ შეიყვანეს შეცდომაში საქართველოს პარლამენტი, როდესაც განმარტებითი ბარათი ამბობს, რომ ეს არ ითვალისწინებს საკადრო ცვლილებებს.
  • რა მეთოდოლოგიით განისაზღვრა სოციალური მუშაკების მინიმალური რაოდენობა (205 სოციალური მუშაკი).
  •  რა ბედი ეწიათ 33 სოციალური მუშაკის მიერ დატოვებულ საქმეებს, ვინ ახორციელებს მათზე ზედამხედველობას.
  • რა კრიტერიუმებით განისაზღვრა 33 სოციალური მუშაკის გათავისუფლების საკითხი (რატომ შეყავს საზოგადოება შეცდომაში მინისტრს როდესაც ამბობს, რომ გასაუბრებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები).
  •  რატომ არ იქნენ ინფორმირებული სოციალური მუშაკები გასაუბრების მიზეზების შესახებ და რატომ ეცნობათ მათ, რომ ეს იყო ტრეფიკინგის ფონდის დირექტორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.“ – წერია მიმართვის ტექსტში.

29 იანვარს 33 სოციალურ მუშაკს გათავისუფლების შესახებ მოულოდნელი შეტყობინება მიუვიდა. სოციალური მომსახურების სააგენტოდან გაგზავნილ შეტყობინებაში ეწერა, რომ ისინი გათავისუფლდნენ და 1 თებერვლიდან შრომითი ხელშეკრულება შეუწყდებოდათ. სოცმუშაკების გათავისუფლების მიზეზად უწყება რეორგანიზაციას ასახელებს. გათავისუფლებისთვის კი ეს მიზეზი ბუნდოვანია და სააგენტოსგან დასაბუთებულ პასუხს ითხოვენ – კონკრეტულად რატომ, რის საფუძველზე დაატოვებინეს სამსახური.