სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი არჩევნებია, რომელიც ტოტალურად გაყალბდა - ცესკოს ყოფილი თანამშრომელი

პუბლიკა

„ქალბატონო თამარ, გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან“, – ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ივანე ბურდულმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება facebook-ზე გამოაქვეყნა.

როგორც ბურდული ტელეკომპანია „მთავართან“ საუბრისას განმარტავს, სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

„მე დღეს დავწერე განცხადება და მიმაჩნია, რომ მე იქ არ უნდა ვმუშაობდე რიგი მიზეზებისდა გამო. მთავარი მიზეზი, ბუნებრივია ეს არის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ტოტალურად გაყალბდა. და ვთვლი, რომ ჩემი ადგილი საარჩევნო ადმინისტრაციაში არ არის“, – ამბობს ივანე ბურდული.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ ვისგან მოდის არჩევნების გაყალბების ინსტრუქციები, ბურდულმა განაცხადა, რომ კონკრეტული პირების მან არ იცის, თუმცა „ეს არის სისტემა, რომელიც მართავს აი ამ ყველაფერს“. ბურდულის თქმითვე, მმართველ პარტიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ყველაფერში ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს და ისინი სრულად არიან ჩართულები გაყალბების პროცესში.

როგორც „პუბლიკას” ცესკოში განუცხადეს, ბურდულის მიერ სამსახურიდან წასვლის დასახელებულ მიზეზებზე კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.