„სამშენებლო ამნისტია“ თბილისზე არ გავრცელდება - კალაძე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ლეგალიზება-დაკანონების შესახებ დედაქალაქს არ შეეხება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძე ამბობს, რომ დედაქალაქში მსგავსი მასშტაბური ამნისტია უკვე განხორციელდა.

„„საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს მიიღო კანონი, რომლის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ისეთი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, რომლებიც უკანონოდ იყო აშენებული. კერძოდ, დედაქალაქის შემთხვევაში, დარღვეული იყო სხვადასხვა პარამეტრები, K1, K2, K3, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზები და ა.შ. ამ უფლების გამოყენება თბილისელებს შეეძლოთ ორი წლის განმავლობაში. მიმდინარე წლის 27 ივლისს დასრულდა განაცხადების მიღების ვადა. ამ ხნის განმავლობაში, მერიაში ასობით განაცხადი შემოვიდა. საბოლოოდ, 500-ზე მეტი ობიექტი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში და წარმოადგენს უსაფრთხო და უფლებრივად უნაკლო ობიექტს, ხოლო მიმდინარე პერიოდისთვის ჯერ კიდევ განიხილება 600-ზე მეტი განაცხადი, რაც გულისხმობს, რომ ეს ობიექტებიც შესაძლებელია კანონიერი გახდეს და ექსპლუატაციაში მივიღოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

20 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე წარადგინეს ინიციატივა, რომ მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ ექნებათ ვალდებულება, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა.

სხდომაზევე ითქვა, რომ ამნისტია მილიონამდე მოქალაქეს შეეხება.

მოგვიანებით რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ ეს ინიციატივა გავრცელდება მხოლოდ იმ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, რომელიც აშენებული იქნება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე.