სამშენებლო კომპანია იდავებს შესაძლო ზარალზე - „ანას ბაღთან" მშენებარე კომპანია

პუბლიკა

გიორგი ბენაშვილი, წარმომადგენელი იმ სამშენებლო ჰოლდინგის, რომელიც „ანას ბაღის” მომიჯნავედ სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, სოციალურ ქსელში სასამართლო გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ბენაშვილი წერს, რომ სამშენებლო კომპანია იმ შესაძლო ზარალზე იდავებს, რაც კომპანიას მშენებლობის ნებართვის შეჩერების შედეგად შესაძლოა მიადგეს.

„სამშენებლო კომპანია, აუცილებლად იდავებს იმ შესაძლო ზარალზე, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების – მშენებლობის ნებართვის შეჩერების შედეგად შესაძლოა მიადგეს მას და მოითხოვს მოქალაქეებისაგან ამ ზარალის ანაზღაურებას კანონით გათვალისწინებულ ვადებში”, – წერს  ბენაშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა, არა იმიტომ, რომ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, არამედ იმიტომ, რომ წარმოადგენს პროცესუალურ–სამართლებრივ გარანტს და ათიდან ცხრა შემთხვევაში კმაყოფილდება, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო.

კომპანიის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ მიესალმებიან სასამართლოში დავის დაწყების ფაქტს.

„სამშენებლო კომპანიის მთავარი მოთხოვნა, მოსახლეობის მიერ პროტესტის დაფიქსირების დღიდან იყო ის, რომ მიემართათ სასამართლოსთვის და ედავათ მერიის მხრიდან სამშენებლო კომპანიისთვის მინიჭებული მშენებლობის ნებართვის კანონიერებაზე. ამის საპასუხოდ, მოქალაქეების მიერ ხდებოდა კომპანიისთვის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა აქციებით თუ დემონსტრაციებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში სცდებოდა მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებს, იყო ძალადობრივი, ხოლო სამშენებლო კომპანიის ინტერესებში, საქმის სამართლებრივი, ცივილიზებული მეთოდებით მოგვარებაა”, – წერს ბენაშვილი.

„პუბლიკა” დაუკავშირდა სამშენებლო კომპანიის იურისტსაც შეკითხვით, რა სამართლებრივი რეაგირება ექნებათ სასამართლოს დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაზეც ადვოკატმა განაცხადა, რომ „სამართლებრივად გასცემენ პასუხს”.


დღეს სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე განჩინება გამოსცა. ამის შესახებ „პუბლიკას“ მოსარჩელეთა წარმომადგენელმა, ადვოკატმა, მუხრან ხურწკაიამ განუცხადა.

მისი თქმით, სასამართლოში მოქალაქეები მშენებლობის ნებართვის ბათილობას მოითხოვენ, განხილვის დასრულებამდე კი – მშენებლობის შეჩერებას.

მოსახლეობა „ანას ბაღის” გადასარჩენად 2016 წლიდან იბრძვის. ადგილობრივი მოსახლეობა ბაღის შესანარჩუნებლად სამშენებლო კომპანიას უპირისპირდება, რომელიც სკვერის მომიჯნავედ 10-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს.

„მშენებლობა მიმდინარეობს „ანას ბაღის“ მომიჯნავედ. დასაწყისში „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე ცდილობდნენ შემოჭრას, ბევრი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ ეს ტერიტორია. სწორედ მაგიტომ ჰქვია მოძრაობას „ანას ბაღის გადასარჩენად“. ახლა რეალურად ვიბრძვით ეზოსთვის, იმ ძირითადი ეზოსთვის, რომლითაც ვსარგებობდით”, – აცხადებს „ანას ბაღის” დამცველი გიორგი ფხალაძე.