„სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდიდან, რომელიც ბათუმში შემოვიდა?" - კალაძე

პუბლიკა

„სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდიდან, რომელიც ბათუმში შემოვიდა?!… ის რასაც ჩვენ ვხედავთ არის ფარისევლობა“, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერის  შემოსვლას.

კალაძის თქმით, ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ რუსებსსაქართველოში ხომალდით შემოსვლის შესაძლებლობა აქვთ.

„სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდიდან, რომელიც ბათუმში შემოვიდა?! ჩვეულებრივ შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეებს შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით. იცით, რომ ხმელეთით წლების განმავლობაში შესაძლებელი იყო შემოსვლა, არსებობდა პირდაპირი ფრენები, ასევე შესაძლებელია ხომალდით შემოვიდნენ, რამდენიმე საათი დაჰყონ, დახარჯონ თანხები, საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. ის რასაც ჩვენ ვხედავთ არის ფარისევლობა, იმიტომ რომ გვახსოვს, წლების წინ, მაშინ როდესაც  2008  წლის ომი იყო და ყველამ ვიცით, რამხელა უბედურება ტრიალებდა ჩვენს ქვეყანაში, მესამე მეოთხე დღეს ის ადამიანები, ვინც დღეს აპროტესტებენ რუსი ტურისტების შემოსვლას, წერილებს აგზავნიდნენ რუსეთში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეწყოთ, კონცერტები გაემართათ, გვახსოვს, მათი ბელადი პრეზიდენტი ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, მიესალმებოდა, მაშინ არ მახსოვს, სააკაშვილს რომელიმე მათგანისთვის კითხვა დაესვა, აფხაზეთი საქართველოა თუ არა. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს პირველ რიგში დაცული”, – ამბობს კალაძე.

კახა კალაძის აზრით, რუსი ტურისტების შემოსვლის გამო პროტესტი საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ არის მიმართული.

„საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის – ეს შეიძლება იყოს რუსი, შეიძლება იყოს ამერიკელი, ევროპელი, საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავთ და არ წარმოადგენს ტურისტების შემოსვლა. ჩამობრძანდნენ. ყველაზე მთავარია, ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, დაიცვან კანონი. ჩამოვიდნენ, დახარჯონ თანხები, ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის. რეალურად, რასაც ვხედავთ, ეს პროტესტი მიმართული არის ისევ და ისევ საქართველოს, საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ, რომ არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა”, – ამბობს დედაქალაქის მერი.

დღეს, 31 ივლისს გამთენიისას ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი, Astoria Grande შემოვიდა, რომელმაც რუსი ტურისტები საქართველოში კიდევ ერთხელ შემოიყვანა.

მოქალაქეები ბათუმის პორტში გემის შემოსვლას აქციითა და შეძახილებით დახვდნენ. ადგილზე იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლაც. ოფიციალური მონაცემებით, პროტესტის დროს პოლიციამ 9 პირი დააკავა.