სახალხო დანცველის შეფასებით, „სამშობლოსმცოდნეობის“ გაკვეთილები დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით და რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა საპატრიარქოსა და ჩოხოსანთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული „სამშობლოსმცოდნეობის“ გაკვეთილების შესახებ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4-5 წელია, ტარდება რუსთავსა და თბილისში. პანდემიის პირობებში კი გაკვეთილებმა ონლაინპლატფორმაზე გადაინაცვლა.
გავრცელებული ინფორმაციით, გაკვეთილებს მრავალი მოსწავლე და მშობელი ესწრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. საგანს უძღვება მისივე ავტორი, „სტუდია გუთნის“ დამაარსებელი ლექსო გელაშვილი, რომლის მიერ მედია საშუალებებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, გაკვეთილების ორგანიზებასა და მოსწავლეების მობილიზებაში სკოლის პედაგოგები არიან ჩართულნი.
„საჯაროდ ხელმისაწვდომი გაკვეთილის რამდენიმე ჩანაწერის გაანალიზების შემდეგ ცხადი გახდა, რომ გაკვეთილებს კონფესიური ხასიათი აქვს და აგებულია მართლმადიდებლურ რელიგიაზე. ამასთან, საჯარო სკოლის პედაგოგების მონაწილეობა მსგავსი რელიგიური შინაარსის გაკვეთილების ორგანიზებასა და მოსწავლეთა მობილიზებაში, ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს.
შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ გაკვეთილების შინაარსი დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით. მათი მიმდინარეობისას ხდება სქესის, ეროვნული წარმომავლობისა და სხვა ნიშნებით სტერეოტიპული შეხედულებების ტირაჟირება. ასეთი ინფორმაციის წინაშე არასრულწლოვნები განსაკუთრებით დაუცველები არიან. აღნიშნულმა სწავლებებმა შესაძლოა მათ ჩამოუყალიბოს წინასწარი განწყობები, მაგალითად ქალის გენდერულ როლთან დაკავშირებით და შედეგად, შეუქმნას არასწორი წარმოდგენა გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ. დამსწრეთა რიცხვის გათვალისწინებით, რეალურად ეს გაკვეთილები ხელს უწყობს ამ თაობაში დისკრიმინაციული აზროვნების ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის „სამშობლოსმცოდნეობის“ გაკვეთილების ორგანიზებაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, საჯარო სკოლების შესაძლო ჩართულობის საკითხს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს. ასევე, შეაფასებს 2019 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში გატარებულ ცვლილებას, რომლითაც სკოლებს მიენიჭათ თავისუფლება, მოსწავლეებს შესთავაზონ ნებისმიერი საგანი და ამ ცვლილებებით გამოწვეულ რისკს, სკოლებში რელიგიური ნეიტრალობისა და არადისკრიმინაციული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით.