„სამშობლოთმცოდნეობა“ მოსწავლეებისთვის - ვინ ატარებს და რას ეხება საგანი

პუბლიკა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლები მოსწავლეებს სთავაზობენ, ზუმში დაესწრონ საგანს, რომელსაც „სამშობლოთმცოდნეობა“ ჰქვია. მომხმარებელი წერს, რომ საგანი არასავალდებულოა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ეს საპატრიარქოს „ჩოხოსანთა“ კავშირის ერთობლივი პროექტია და დრო ძირითადად მართლმადიდებლობაზე საუბარს ეთმობა.

„ეს იყო ჩვეულებრივი 1.5-საათიანი გაკვეთილი მართლმადიდებლობაზე, სადაც არც კი იყო განხილული, რომ შეიძლება მუსლიმ, გრიგორიანელ ან კათოლიკე ქართველს არანაკლებ და უფრო მეტადაც უყვარს სამშობლო. კონტექსტი, რომ ქართველად შეიძლება მხოლოდ მართლმადიდებელი იწოდებოდეს და მხოლოდ მას შეუძლია უყვარდეს სამშობლო, არის მავნებლობა და უზნეობა.

გაკვეთილი დაიწყო „მამაო ჩვენოთი” და ესწრებოდა 3 თუ 4 მაღალი იერარქიის მღვდელმთავარი. ვიღაც საერთოდ საპატრიარქოდან ესწრებოდა პირდაპირ. ანუ ჩანასახშივე გამორიცხეს, რომ „სამშობლოთმცოდნე” შეიძლება სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანიც იყოს ამ ქვეყანაში“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად „პუბლიკა“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, ეხმარება თუ არა უწყება აღნიშნული არასავალდებულო საგნის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში საპატრიარქოს და მასთან არსებულ „ჩოხოსანთა“ ცენტრს?

სამინისტროდან მოგვწერეს, რომ საგნის შესახებ ინფორმაცია სამინისტროსა და რესურსცენტრებს არ გაუვრცელებიათ.

გთავაზობთ უწყებიდან მიღებულ განმარტებას სრულად:

„გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია სკოლებში ახალი საგნის „სამშობლომცოდნეობის” დამატების შესახებ.

გაცნობებთ, რომ აღნიშნული საგანი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არ არის და ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროსთვის არავის მიუმართავს. შესაბამისად, საგნის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სამინისტროსა და რესურსცენტრების მხრიდან არ მომხდარა.

სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირია (სსიპ) და მას აქვს უფლება, მოსწავლეებს, სურვილის შემთხვევაში, დამატებითი საგანმანათლებლო სერვისი სამინისტროსგან დამოუკიდებლად შესთავაზოს“, – მოგვწერეს განათლების სამინისტროდან.

საგნის შესახებ ინფორმაციის მისაღებად „პუბლიკა“ საპატრიარქოსაც დაუკავშირდა. საპატრიარქომ საპატრიარქოსთან არსებულ „ჩოხოსანთა კავშირთან“ გადაგვამისამართა.

ორგანიზაციის მედიასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ „სამშობლოთმცოდნეობა“ არის გაკვეთილი, რომელიც სამების ახალგაზრდულ ცენტრში წლების განმავლობაში ტარდებოდა და ახლა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ის ონლაინ, zoom-ის პლატფორმის მეშვეობით გადაიცემა.

რა შინაარსის არის საგანი და როგორ ვრცელდება ინფორმაცია სკოლის მოსწავლეებს შორის მის შესახებ? – პსრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ორგანიზებაში საპატრიარქოს არ ეხმარება განათლების სამინისტრო და ინფორმაცია ლექციის შესახებ თავისით გავრცელდა. მისი თქმით, ლექციას დღეში 1000-მდე მოსწავლე ესწრება, ახლა მოთხოვნა გაზრდილია და მასში მონაწილეობას საქართველოდან ემიგრაციაში წასული ოჯახებიც იღებენ.

„ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით. გაიგო ჩემმა ახლობელმა და ითხოვა, როგორ შეიძლება, რომ ჩავრთო ამ გაკვეთილში ჩემი შვილი, როგორ ხდებაო და ასე გადაცემა გადაცემით მოხდა ამდენი ბავშვის თავისით მოდინება.

ყოველდღე ტარდება, 1000-მდე ბავშვი ესწრება და კიდევ გაიზრდება და საათებიც დაემატება. ემიგრანტებმა ჯგუფები გააკეთეს შვილებისთვის.

სკოლები და რესურსცენტრები არ გვეხმარებიან. უბრალოდ, ბევრი პედაგოგი ესწრება შვილებთან ერთად“, – განგვიცხადეს „ჩოხოსანთა“ კავშირში.

ორგანიზაციის ცნობით, ლექციებს სტუდია „გუთნის“ ხელმძღვანელი, ლექსო გელაშვილი ატარებს. მისი კონსულტანტი შალვა ამონაშვილია.

საგნის შინაარსის შესახებ შეკითხვაზე კი გვიპასუხეს, რომ ლექციები საქართველოს ისტორიას ეხება და „საქართველოს ისტორია და ქრისტიანობა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული“.

„გუშინ დამირეკა ერთმა ჟურნალისტმა, რომ სამშობლოთმცოდნეობის ცნება ზოგადიაო. ზოგადი არის, მაგრამ არის კონკრეტული, იმიტომ, რომ საქართველოს ისტორია და ქრისტიანობის ისტორია ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. სვეტიცხოვლის გარეშე საქართველო ვინმეს წარმოუდგენია?! არადა, ამ გაკვეთილებზე ასწავლიან – ტოლერანტობას, მიმღებლობას, ერთმანეთის სიყვარულსა და ჰუმანურობას. რატომ გამოიწვია ამხელა ინტერესი ამან, ვერ ვხვდები.

ეს არის მართლმადიბლური და საპატრიარქოს ჩოხოსნების მიერ ორგანიზებული. საუბარია მართლმადიდებლობაზე.

აქ მიდის გაკვეთილები მართლმადიდებლობაზე, ქრისტიანობაზე, საუბარი ათ მცნებზეა. რატომ უნდა გვიყვარდეს დედა და რა ფუნქცია აქვს მას შვილის აღზრდაში და ასეთ რაღაცებზე“, – გვითხრეს „ჩოხოსანთა“ კავშირში.