საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, სომეხი და სხვა ეთნიკური თემის აქტივისტები მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებას „სამშვიდობო მანიფესტით“ ეხმაურებიან.
„უკვე რამდენიმე დღეა, ვაკვირდებით მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო წლებში ყველაზე ინტენსიური შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებასა და კონფლიქტის ზონაში სამხედრო ვითარების უკიდურეს ესკალაციას. დღეს ორივე სახელმწიფოში გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა და მიმდინარეობს მოსახლეობის მასობრივი საომარი მობილიზაცია. ორივე სახელმწიფო იუწყება მსხვერპლის შესახებ, მათ შორის, სამოქალაქო მოსახლეობას შორის. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა აქტორების კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, სამხედრო კონფლიქტის პოლიტიკური მოლაპარაკებების ჩარჩოში გადაყვანის ნიშნები და მზადყოფნა, სამწუხაროდ, ამ დრომდე არ ჩანს.
ჩვენ, კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ხალხებს, სასტიკი ომების, კონფლიქტებისა და დევნილობის უმძიმესი გამოცდილება გვაქვს. ყველამ საკუთარი ისტორიული გამოცდილებებით გავიაზრეთ, რომ ომი ადამიანებს აწვებათ ზურგზე, მათი განადგურებისა და გაღარიბების ძალა შესწევს და მხოლოდ ტკივილი, ტანჯვა და იმედგაცრუება მოაქვს. ჩვენს რეგიონში არც ერთ ერსა და ეთნოსს ომის შედეგად გამარჯვება და განვითარება არ მოუპოვებია.
სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ ჩვენს რეგიონს მხოლოდ მშვიდობის, მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის პოლიტიკა მოუტანს სტაბილურობასა და განვითარებას. რეგიონის თანმდევი მახასიათებელი მუდმივად იყო მისი მრავალფეროვნება. ულტრა-ნაციონალიზმის, ეთნონაციონალიზმისა და შოვინიზმის პირობებში ეთნოსებსა და ქვეყნებს შორის განსხვავებები ჩვენი განცალკევებისთვის და გათიშულობისთვის არის გამოყენებული, თითქოს ეს განსხვავებები ჩვენს შორის გადაულახავ ბარიერს წარმოადგენდეს. მნიშვნელოვანია, მრავალფეროვნების ღირებულება გავაცნობიეროთ და გაერთიანებისთვის გამოვიყენოთ. ამასთან, შოვინისტურ რიტორიკაში ხშირად სრულიად გამოტოვებულია ის მახასიათებლები, რაც ამ რეგიონში მცხოვრებ ხალხებს გვაერთიანებს – ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე განმასხვავებელი. ჩვენ მუდმივად ვართ ერთმანეთის პოლიტიკური, კულტურული, სოციალური, ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და გაზიარების პროცესში და ომის შედეგებს და ტკივილსაც საბოლოოდ ერთად ვიყოფთ ხოლმე. რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ცალკეული ქვეყნებისა და მთლიანად რეგიონის განვითარების საწინდარია და ეს მოცემულობა მთავრობებმა არ უნდა დაარღვიონ.
მნიშვნელოვანია მშვიდობის და, შესაბამისად, ადამიანის სიცოცხლის უზენაესი ღირებულება გავიაზროთ მოქალაქეებმაც, არ ავყვეთ ეთნონაციონალიზმის, შოვინიზმისა და მილიტარიზმის გაბატონებულ იდეებს, რომლებსაც ხალხების წინააღმდეგ ბრმა იარაღად, დასამონებლად და გასათიშად იყებენებენ.
ჩვენ, საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი და სხვა ეთნიკური თემის აქტივისტები, ერთად ვდგებით მშვიდობის, ჰუმანიზმისა და სოლიდარობის მხარეს და ჩვენი რეგიონის მთავრობებს და საერთაშორისო აქტორებს სამშვიდობო და ჰუმანური პოლიტიკის გატარებისკენ მოვუწოდებთ.
ჩვენ მოვუწოდებთ:
საქართველოს მთავრობას
ზედმიწევნით დაიცვას ნეიტრალიტეტი შექმნილ დაპირისპირებაში და შესაძლებლობების ფარგლებში მიიღოს ჰუმანიტარული და სხვა ზომები დაზარალებული სამოქალაქო მოსახლეობის მხარდასაჭერად ორივე ქვეყანაში;
უკეთ გაიაზროს რეგიონში მშვიდობის მხარდაჭერის პროცესში საკუთარი როლი და აქტიური ნაბიჯები გადადგას მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესის დაწყების ხელშეწყობისთვის;
გაატაროს სათანადო პოლიტიკური და კულტურული ღონისძიებები სამხედრო და პოლიტიკურ დაძაბულობასთან დაკავშირებული განწყობების და სენტიმენტების საქართველოში გადმოტანისგან შეკავების მიზნით.
აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს
დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები სამხედრო დაპირისპირების შესაჩერებლად და იმუშაონ კონფლიქტის და დაძაბულობის მშვიდობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით გადასაჭრელად;
რუსეთისა და თურქეთის მთავრობებს
არ მიიღონ მონაწილეობა შექმნილ სამხედრო დაპირისპირებაში და საკუთარი ინტერვენციით კიდევ უფრო მეტად არ გააღრმავონ შექმნილი სამხედრო და პოლიტიკური კონფლიქტი და რეგიონში არსებული დაძაბულობა;
საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, გაეროს, ეუთოს, ნატოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირს
მიიღონ უფრო ეფექტიანი და პირდაპირი ზომები ცეცხლის შეწყვეტის მიზნით და შეიმუშაონ უფრო ქმედითი სტრატეგიები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი და პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის.
საქართველოში მოქმედ მედია საშუალებებს
შეიარაღებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებული მოვლენები გააშუქონ მაქსიმალურად ნეიტრალურად და გაითვალისწინონ ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების ფაქტორი საქართველოში“, – ვკითხულობთ მანიფესტში, რომელსაც ხელს აწერენ:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); კავკასიური სახლი; ადამიანის უფლებათა ცენტრი ჩართულობის და განვითარების ცენტრი; ღია საზოგადოების ფონდი; თანასწორობის მოძრაობა; კავშირი საფარი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (IPHR); ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); ახალგაზრდები დიპლომატიური ჩართულობისათვის მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი (CPCD); ქალთა ფონდი საქართველოში; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი; იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“.
ამ თემაზე შეიმქნა ასევე პეტიცია, რომელიც ღიაა ხელმომწერებისთვის. პეტიცია იხილეთ ბმულზე.