სამუშაო პრაქტიკა უპირატესობას საწარმოო მიზნებს ანიჭებს, რაც რისკს უქმნის მშრომელთა უსაფრთხოებას - HRW

პუბლიკა

არასათანადო რეგულაციების შედეგად დამკვიდრებული სამუშაო პრაქტიკა უპირატესობას საწარმოო მიზნებს ანიჭებს, რაც რისკს უქმნის მშრომელთა უსაფრთხოებას, – ამის შესახებ Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2019 წლის მოვლენების შესახებ ანგარიშის იმ ნაწილშია ნათქვამი, რომელიც შრომის უფლებებს ეხება.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს სამუშაო საათების, შესვენების, ყოველკვირეული დასვენების, ღამის საათებში მუშაობის ხანგრძლივობას და არ უზრუნველყოფს სახელმწიფო ზედამხედველობას შრომის ყველა პირობის შესრულებაზე.

„მაგალითად, მანგანუმის ზოგიერთ მაღაროში მაღაროელები მიწისქვეშ ზედიზედ 15 დღის განმავლობაში 12-საათიან ცვლებში მუშაობენ, მათ შორის ღამით, რაც იწვევს მათ გადაღლილობას და ზრდის უბედური შემთხვევების და დაშავების ალბათობას. მაისში ამ მაღაროების 2,500-მდე მეშახტე 12 დღის განმავლობაში იყო გაფიცული და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების ზრდას ითხოვდა. შრომის ინსპექციის გასაძლიერებლად და ხარვეზების გამოსასწორებლად, რომლებიც ზეგანაკვეთურ მუშაობას, დასვენებას და სხვა მსგავს საკითხებს ეხება, ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. თუმცა ამ ანგარიშის მომზადებისას ცვლილებათა ეს პაკეტი ჯერ კიდევ არ იყო პარლამენტში ინიცირებული“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.