სამუშაო შეხვედრა საარჩევნო რეფორმაზე | რა საკითხებზე ისაუბრეს მონაწილეებმა

პუბლიკა

პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის 1-ლი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას „მოქალაქეების“ წარმომადგენლები, ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი ესწრებოდნენ, სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიწვეულები იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, არამედ აზრები გაცვალეს და სამუშაო ფორმატზე შეთანხმდნენ.

„მუშაობის ფორმატზე შევთანხმდით, რომ 1 მარტამდე სწრაფად უნდა მოხდეს აზრების გაზიარება. კიდევ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ერთ კვირაში კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ჩანაწერის დახვეწაზე ვსაუბრობდით. განსაკუთრებით, განათლების სფეროს წარმომადგენლებს კატეგორიულად აეკრძალოთ სამუშაო საათებში რამე წინასაარჩევნო ღონისძიებაში ჩართვა. ეს იყო ჩვენი პარტიის კატეგორიული მოთხოვნა. ასევე, არასამთავრობოების მხრიდან დაისვა საკითხი მოსყიდვასთან დაკავშირებით. ჩვენც ვემხრობით ამას, რომ მკაფიო ჩანაწერი იყოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი პარტნიორი უცხოური ორგანიზაციებისგან დღეს  პოზიტიური გამოხმაურება მოისმინეს მემორანდუმის ტექსტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს ტექსტი არა მხოლოდ „მოქალაქეებსა“ და „ევროპელ სოციალისტებთან“ შეთანხმების შედეგია, არამედ ის განიხილებოდა ფასილიტატორებთან შეხვედრების დროსაც. ამიტომ, პაპუაშვილის აზრით, მემორანდუმთან დაკავშირებით ფართო პოლიტიკური კონსენსუსი არსებობს.

„ჩვენ შევთავაზეთ სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს, დამატებით წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები, თუ რა შეიძლება კიდევ დაემატოს რეფორმის პროცესში. ველით წინადადებებს, შევიკრიბებით, განვიხილავთ და გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრი განათლების სფეროს წარმომადგენლების წინასაარჩევნო პროცესში ჩართვის საკითხსაც გამოეხმაურა.

„სამუშაო დროის პერიოდში ისედაც აკრძალულია, რომ საჯარო მოხელეები არ მონაწილეობდნენ საარჩევნო შეხვედრებში, მაგრამ, გარდა ამისა, გათვალისწინებულია მემორანდუმში, რომ ჯგუფების მიხედვით არ იყოს შეხვედრები, მაგალითად, ცალკე პედაგოგებისთვის.  ამითაც გარკვეულწილად შემცირდეს ხანდახან, ჩემი აზრით, გადაჭარბებული სპეკულაცია იმაზე, რომ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პროფესიულ წრეებთანაც შეხვედრა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის, ნინო რიჟამაძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიც არის საარჩევნო დავები, ელექტრონული ტექნოლოგიებით ხმის მიცემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და სხვა.

მისი თქმით, არსებობს სხვა საკითხებიც, რომლებიც ასევე საჭიროებს რეფორმას და საკანონმდებლო ცვლილებებს. მაგალითად: არჩევნების მოსყიდვასთან დაკავშირებით, რასაც, რიჟამაძის თქმით, მემორანდუმის დოკუმენტი არ ითვალისწინებს.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ დეტალურ შეფასებას მემორანდუმის დოკუმენტის შესწავლის შემდეგ წერილობით წარადგენენ.

„ძირითადი საკითხები, რომელთაც არ ითვალისწინებს წარმოდგენილი დოკუმენტი, არის საკითხები ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით. ასევე, არ არის დეტალური თვალთახედვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და საჯარო მოხელეების ჩართულობის შესახებ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამ საკითხების რეგულირება და დეტალურად სამართლებრივი მოწესრიგება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნინო რიჟამაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის თქმით, მათ მემორანდუმის დოკუმენტთან დაკავშირებით აქვთ გარკვეული კითხვები, განსაკუთრებით საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ნაწილში. მისი თქმით, დოკუმენტის მიხედვით შემოთავაზებულია, რომ კომისიის წევრები მხოლოდ პროფესიული ნიშნით დაინიშნონ. ნატროშვილმა აღნიშნა, რომ ეს მოდელი რისკის შემცველია.

„რისკს შეიცავს ამ ეტაპზე, რომ ეს კომისიები იქნება კვლავ მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ და რეალურად კი არ შეირჩევა პროფესიული ნიშნით, არამედ – ქაღალდზე. ისევე,  როგორც დღეს გვაქვს ეს ერთი კომპონენტი ყველა საარჩევნო კომისიის დონეზე პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრებისა. აქაც ზუსტად იგივე ჩანს, რაზეც ახლა ვსაუბრობდი. ვფიქრობ, ნდობა არ არის მათ მიმართ და რეალურად პროფესიული ნიშნით არ ხდება შერჩევა. ვფიქრობთ, ამ მხრივ არსებული რეალობის გაუმჯობესება და ნდობის გაზრდა საარჩევნო კომისიების მიმართებით არ მოხდება, თუ ასეთი ცვლილებები იქნება წარმოდგენილი“, – თქვა მან.

ლევან ნატროშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების იმ შერეული მოდელის დატოვება, რომელიც ახლა არის.

„ჩვენ ვფიქრობთ, ამ ეტაპზე შესაძლოა, მიზანშეწონილი იყოს შერეული მოდელის დატოვება, როდესაც პარტიებიც ნიშნავენ და პროფესიული ნიშნითაც ირჩევდნენ წევრებს, ოღონდ, პარტიები ისე უნდა ნიშნავდნენ, რომ ერთ პარტიას ჰქონდეს არა 3 წევრის დანიშვნის უფლება, როგორც დღეს აქვს, არამედ მხოლოდ ერთი წევრის“, – თქვა მან.

საიას წარმომადგენელმა, ვახუშტი მენაბდემ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რაზეც, მისი თქმით, ორგანიზაციას პრინციპული დამოკიდებულება ექნება.

„პირველ რიგში ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია პროფესიონალიზაცია, საარჩევნო ადმინისტრაციის სრულად პროფესიული დაკომპლექტება და მათი შემცირება. აქ ვფიქრობ, ბევრი თანმხვედრი მოსაზრება არსებობს, თუმცა არის განსხვავებული თვალთახედვებიც.

მეორე საკითხი უკავშირდება საარჩევნო სისტემას ადგილობრივ დონეზე. ჩვენ მომხრენი ვართ, უფრო და უფრი მეტი პროპორციული სისტემის შემოტანის, რათა მოქალაქეებს საბოლოოდ სამართლიანი წარმომადგენლობა ჰყავდეთ წარმომადგენლობით ორგანოებში – ეს საკითხი, ვფიქრობ, ყველაზე დიდ დისკუსიას გამოიწვევს.

მესამე თემა – ასევე პრინციპული საკითხი – ნების კონტროლთან არის დაკავშირებული… პერიმეტრი, სიჩუმის დღე – აქაც ვფიქრობ, რომ, ასე თუ ისე, ამ გადმოსახედიდან რთული არ იქნება შეთანხმება, მიუხედავად გარკვეული სკეპტიციზმისა ამა თუ იმ წარმომადგენლის მხრიდან”, – აღნიშნა მენაბდემ.