თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია თსუ-ში შეკრებულ სენატის და აკადემიური საბჭოს წევრებს მიმართავს და აღშფოთებას გამოხატავს იმ ფაქტით, რომ სტუდენტების ნაწილს დაკავებული აქვთ კანცელარია და აყენებენ მოთხოვნებს.
„დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ნებისმიერს შეუძლია მოგვთხოვოს პოლიტიკური განცხადების გაკეთება, და პარალიზება გაუკეთოს უნივერსიტეტს.
წესებია დასაცავი, ჩემი თხოვნა სწორედ ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა აი ეს თამაშის წესები შევქმნათ უნივერსიტეტში. რომ არავის დედამიწის ზურგზე თავშიც არ ჰქონდეს გავლებული, ასეთი მეთოდებით ისაუბროს ჩვენთან.
შევარდნენ ჩვენი ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე – გაგიჟდნენ ქალბატონები, მათ უფლებები არ იყო დარღვეული? ოჯახებიდან რეკავდნენ ღამით…
…ვისაუბროთ ამ დოკუმენტზეც, თუ გნებავთ შევქმნათ სამუშაო ჯგუფიც და საერთო საუნივერსიტეტო გადაწყვეტილებაც მივიღოთ.
უკაცრავად არააკადემიური და ემოციური გამოსვლისთვის, მაგრამ ეს არასდროს არ უნდა გაგრძელდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს არის ძალიან ცუდი წარსული.
თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიფიქროთ საქმეზე, პროექტებზე სახელმძღვანელოებზე, საიდან რა დაფინანსება მოვიტანოთ, და არა იმაზე კანცელარიაში ჩვენ რა დოკუმენტი დაგვეკარგება და სად რა შეიძლება გაფუჭდეს…” – განაცხადა სამუშიამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, უნივერსიტეტში კანცელარიის ოთახში პროტესტის ნიშნად გუშინ, 26 იანვარს შევიდა, კანცელარია დაიკავა და ადმინისტრაციისგან კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მხარდამჭერი განცხადების გაკეთება მოითხოვა.
თბილისის უნივერსიტეტს აქამდე არავითარი განცხადება არ გაუვრცელებია, და არც რექტორი შეხვედრია კანცელარიაში შეკრებულ სტუდენტებს და მხარდამჭერებს, სტუდენტები კანცელარიაში რჩებიან.