თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ გია ბუღაძის საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, მას არანაირი კავშირი არ აქვს მოწვეული ლექტორების ხელშეკრულებებთან.
„ეს არის აბსოლუტურად მტკნარი სიცრუე, რომ ვინმე გია ბუღაძეს არ უფორმებს ხელშეკრულებას ან არ უგრძელებს. გიას პოლიტიკურ გემოვნებას არანაირი კავშირი არ აქვს უნივერსიტეტში მის მოღვაწეობასთან.
ასევე, რექტორი არანაირ კავშირში არ არის არც რექტორის მოწვევასთან და არანაირი შეხება არ აქვს ხელშეკრულების გაფორმებასთან, მით უმეტეს იმ ხელშეკრულების გაფორმებასთან, რომელიც სექტემბერში უნდა გაფორმებულიყო, როცა მე ერთი თვის წინ დავინიშნე მოვალეობის შემსრულებლად”, – თქვა მან.
მხატვარმა გია ბუღაძემ, რომელიც თსუ-ში მოწვეულ ლექტორად იყო დასაქმებული, გუშინ განაცხადა, რომ უნივერსიტეტში ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს.
გია ბუღაძემ „პუბლიკასთან“ თქვა, რომ წელს, შემოდგომის სემესტრში უნივერსიტეტში ლექციების კითხვა გააგრძელა, მაგრამ ადმინისტრაციამ ახალი ხელშეკრულება აღარ შესთავაზა. ხოლო როცა სემესტრის დაწყებიდან თითქმის 3 თვის შემდეგ ადმინისტრაციაში პასუხი ისევ ვერ მიიღო, უხანგრძლივებდნენ თუ არა ხელშეკრულებას, უნივერსიტეტიდან წამოვიდა.
მოგვიანებით უნივერსიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გია ბუღაძე მათ არ გაუთავისუფლებიათ და ლექტორს ახალი ხელშეკრულება შესთავაზეს, რომლის გაგრძელებაზეც უარი თავად ბუღაძემ თქვა.