„სამუზეუმო სფეროს კონტროლი და ცენზურა“ - NGO-ები მუზეუმებიდან გათავისუფლებულების უფლებებს დაიცავენ

პუბლიკა

წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულების ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საია დაიცავს. განცხადებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს.

„კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ ეროვნულ მუზეუმსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში მასშტაბური საშტატო ცვლილება დაიწყო, რის შედეგადაც 10 თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. მიგვაჩნია, რომ პროცესმა არა მხოლოდ ხელმძღვანელობისთვის არასასურველი კადრების ჩამოშორების სახე მიიღო, არამედ გამოაჩინა ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებების მიზანი სამუზეუმო სფეროს კონტროლი და ცენზურაა“, – ნათქვამია „სოციალური სამართალიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ორგანიზაციებმა უკვე მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და თანამდებობიდან გათავისუფლების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობებზე აღდგენა და ერთ-ერთის შემთხვევაში განსხვავებული მოსაზრებების გამო პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენა მოითხოვეს.

მათი თქმით, ათიდან რვა დასაქმებული თანამდებობიდან გაფრთხილების გარეშე გაუშვეს, ან გადაიყვანეს სხვადასხვა დაბალ პოზიციაზე, ორს კი ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და აღარ გაუგრძელეს.

საია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოში იცავენ ეკატერინე კიკნაძისა და დინარა ვაჩნაძის ინტერესებს.

„ეკატერინე კიკნაძე ეროვნული გალერეის მმართველის პოზიციიდან გაათავისუფლეს და მისი თანხმობის გარეშე ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს. ამის სავარაუდო მიზეზი გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებების გაჟღერება იყო, რის გამოც იგი მუზეუმში მიმდინარე მთელ რიგ მნიშვნელოვან პროცესებს ჩამოაშორეს. დინარა ვაჩნაძეც, რომელიც თბილისის კოლექციების აღრიცხვა-დაცვისა და მართვის სექტორის მიმართულების ხელმძღვანელი იყო დაუსაბუთებლად დააქვეითეს და გადაიყვანეს რიგითი მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე. სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საია მიიჩნევენ, რომ მოსარჩელეების მიმართ ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება კანონმდებლობისა და დასაქმებულთა შრომითი უფლებების უხეში დარღვევით მოხდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.