„სამწუხარო იქნება, თუ ამ შანსს ვერ გამოიყენებთ“ | ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოშია

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეის საქართელოში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვიდა. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც.

პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ვარჰეის მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. როგორც მან აღნიშნა, ევროკომისარი ქვეყნის ნამდვილი მეგობარია და საქართველოს ევროპული არჩევანის აქტიური მხარდამჭერი.

ირაკლი ღარიბაშვილმა შესავალ სიტყვაში ბევრი ისაუბრა იმაზე, როგორ ცდილობს მმართველი პარტია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას.

„ჩვენი მთავრობის დამსახურებაა, რომ 2012 წლის შემდეგ ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე არის სწორედ ჩვენი, მმართველი პარტიის დამსახურება, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის მოვიტანეთ და არ იყო შემთხვევითი, ამას წინ ძალიან დიდი შრომა უძღოდა და ძალიან ბევრი სამუშაო, რომელიც ჩვენმა გუნდმა გასწია.

ასევე შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე დიქტატორული და ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში ვცხოვრობდით, სადაც არავითარი ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა – არც თავისუფალი მედია, არც თავისუფალი სასამართლო. 3 წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ პროცესი. ასოცირების მოლაპარაკებები და უვიზო რეჟიმი ჩვენ დროს დაიწყო“, – თქვა მან.

მისივე თქმით, საქართველო გამოირჩევა და  ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ჯგუფში.

„მინდა, ასევე, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ევროკომისიის შესაბამის სამსახურებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. ისინი გვეხმარებიან, რომ საქართველომ მაქსიმალურად მოკლე დროში შეასრულოს 12 რეკომენდაცია და არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ თორმეტივე რეკომენდაციას ძალიან მალე დავასრულებთ“, – მიმართა მან ევროკომისარს.

ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი არის „გამოწვევა მთელი რეგიონისთვის“.

ევროკომისარმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეროვნული კონსენსუსი და თანხმობა რეკომენდაციების შესრულებაზე.

„ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი 12-ვე პრიორიტეტზე. იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია დაინახავს, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, უნიკალური შეთავაზება საქართველოსთვის. სამწუხარო იქნება, თუ ამ შანსს ვერ გამოიყენებთ“, – თქვა მან.

ოლივერ ვარჰეის თქმით, საქართველომ ბევრი უნდა იშრომოს და პირველ რიგში შეასრულოს 12 რეკომენდაცია სტატუსის მისაღებად.

„ჩვენ ამ მიმართულებით გვჭირდება კარგი ისტორიის ჩვენება და მახარებს, რომ ვხედავ საამისოდ გადადგმულ ნაბიჯებს, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში და ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებისთვის, რათა თორმეტივე პუნქტი შესრულდეს“, – თქვა ევროკომისარმა.