სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას USAID-ის დაფინანსება. დაგვჭირდება განმარტების მოსმენა - კობახიძე სუსზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე USAID-ისგან განმარტებას ელოდება. კობახიძემ უპასუხა შეკითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციის შესახებ, თითქოს სახელმწიფო გადატრიალება USAID-ის დაფინანსებულ ტრენინგზე იგეგმებოდა.

„ვუყურე სუსის ბრიფინგს. გახსოვთ, რომ თავიდან ცდილობდნენ ეს ადამიანები, დაემალათ მათი ვიზიტის მიზანი, თუმცა გაირკვა, რომ მათი მიზანი იყო რევოლუციური პროცესების შემზადება და დაგეგმვა ჩვენს ქვეყანაში, რაც შემაშფოთებელია, მით უფრო, როგორც გაირკვა, რომ ეს ყველაფერი ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ (USAID), აბრევიატურის პირდაპირი თარგმანი არის ამერიკის დახმარება და ეს მე მგონი არ არის ამერიკის დახმარება. ჩვენ დაგვჭირდება განმარტების მიღება, რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება… ამ ტრენინგების სათაური არის არაძალადობრივი აქტივობა, თუმცა სინამდვილეში აქ საუბარია პირდაპირ ძალადობრივ მეთოდებზე, რომელიც რევოლუციის მოწყობის მიზნით უნდა იყოს გამოყენებული. საბოლოო მიზანი არის არეულობა, მეორე ფრონტი, რასაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან, როცა უკრაინაში დაიწყო ომი, თუმცა, როგორც ჩანს, ამას აქტუალობა აქვს შენარჩუნებული. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას USAID-ის დაფინანსება. დაგვჭირდება მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან განმარტების მოსმენა“, – განაცხადა კობახიძემ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის მოწვევით საქართველოში ჩამოსული იყო სერბეთის მოქალაქეები, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომელთა ვიზიტის მიზანი, სუსის თქმით, „იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ“.

„კანვასის” 3 წევრი – სერბეთის 3 მოქალაქე სუსმა 29 სექტემბერს გამოჰკითხა.

USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიზა კოვაკმა სუსის პასუხად 30 სექტემბერს თქვა, რომ „კანვასის“ტრენინგი ფოკუსირებული იყო ხელოვნებისა და კულტურული სექტორის წარმომადგენლების დახმარებაზე, რათა ეფექტურად განხორციელდეს სექტორის დამოუკიდებლობის დაცვა”.

მისი თქმით, USAID ძალიან ამაყია, რომ თანამშრომლობს „კანვასთან“.