პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის მიერ გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნის ინფორმაციაზე.
მისი თქმით, პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში მოიქცა ამგვარად. მამუკა მდინარაძემ პარადოქსი უწოდა ოპონენტების შეფასებებს „ოცნების“ მიერ პრეზიდენტის „მძევლად“ აყვანის შესახებ.
„პრეზიდენტის უფლებამოსილება არის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობას დასჭირდა ამ კომპეტენციის და მისი ჩარჩოების შესახებ გარკვეული მითითებები, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელის ფორმით, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი – კონსტიტუციაში წერია ყველა კონსტიტუციური ორგანოს და ყველა კონსტიტუციური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ფარგლების შესახებ და ეს ყველაფერი არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას.
არის კონკრეტული კომპეტენცია და ამ კომპეტენციის ფარგლებში პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი მთავრობის მიერ წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატურას და ასეც მოიქცა. ჩვენი ოპონენტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონიერ ქმედებას არქმევენ მძევლობას. აი ამაშია მთელი პარადოქსი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა. დავით ბაქრაძე აღნიშნულ თანამდებობაზე კახა იმნაძეს შეცვლის.