სამწუხაროა, რომ „მწვანე პასპორტი“ რისკის შემცველი პროფესიებისთვის არ შემოიღეს - ზოიძე

პუბლიკა

დღეს, 8 ნოემბერს, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ 1-ლი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება.

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტით“ სარგებლობა იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსი გადატანილი აქვს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, ყველა პირი, რომლებსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი, მიიღებს „მწვანე“ სტატუსს, განურჩევლად იმისა, თუ როდის გადაიტანა ის და გასულია თუ არა 6-თვიანი პერიოდი ინფიცირებიდან. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „მწვანე პასპორტი“ სხვადასხვა ობიექტის სტუმრებისთვის იქნება სავალდებულო და არა ობიექტზე დასაქმებული პირებისთვის.

„პუბლიკამ“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს, აკაკი ზოიძეს ჰკითხა, რამდენად ეფექტური იქნება „მწვანე პასპორტი“ თუკი კორონავირუსის გადატანის პერიოდი განსაზღვრული არ იქნება.

„კოვიდი 6 თვის წინ აქვს გადატანილი თუ 1 წლის წინ, შეიძლება განსხვავება იყოს იმუნურ დაცვაში, მაგრამ ამას ვერავინ  დაამტკიცებს, რომ აბსოლუტური განსხვავებაა. ეს დამოკიდებულია ადამიანზე, იმუნურ სისტემაზე, ასაკზე, ქრონიკული დაავადებები აქვს თუ არა. ასე რომ, მაგ ნაწილში აღმაშფოთებელს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ეს გვიქმნის იმის საშუალებას, რომ ადამიანების ზედმეტი გულისწყრომა არ გამოვიწვიოთ. ჩემი აზრით, [ეს] სწორია ამ შემთხვევაში, იმ პირობებში, როცა სტრატეგიული კომუნიკაცია იმ დონეზე არ ჩატარდა, როგორც საჭირო იყო“, – ამბობს აკაკი ზოიძე.

რადგანაც სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ სამასპინძლო სფეროებში დასაქმებულებს „მწვანე პასპორტი“ არ მოეთხოვებათ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ამ ნაწილში არასრულფასოვანია.

„ძალიან სამწუხაროა, რომ „მწვანე პასპორტი“ არ შემოიღეს იმ საქმიანობებისთვის, რომლებიც მოსახლეობისთვის მომეტებულ რისკს შეიცავს – ეს იქნება სამედიცინო სფერო, საგანმანათლებლო სფერო, სამასპინძლო სფერო. თუ სტუმარს ვთხოვთ კოვიდპასპორტს, პერსონალს რატომ არ უნდა მოვთხოვოთ? რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაავრცელებს ინფექციას? პირიქით, პერსონალს უფრო მეტი ალბათობა აქვს, რომ გაავრცელოს ინფექცია და გახდეს აფეთქების მიზეზი, ვიდრე შემოსულ სტუმარს, მით უმეტეს ტურისტს, რომელსაც მანამდე ავიახაზებმა და სხვა დაწესებულებებმა მოსთხოვეს შესაბამისი ცნობა“, – ამბობს ზოიძე.

აკაკი ზოიძე აღნიშნავს, რომ მისასალმებელია გადაწყვეტილება პენსიონერთა ფულადი წახალისების შესახებ. თუმცა ამბობს, რომ სკოლების მაგალითმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია გარკვეული პროფესიების მიხედვით „მწვანე პასპორტის“ ფლობა.

„ჩვენ ვნახეთ რა ხდება სკოლებში, როგორ იკეტება ყოველდღიურად სკოლები. ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქაც ყველა დასაქმებული იყოს მწვანე პასპორტის მფლობელი“, – ამბობს კაკი ზოიძე.

ზოიძე ყურადღებას ამახვილებს აღსრულების მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, რომ მთავარია „მწვანე პასპორტების“ ეფექტურობა სწორედ აღსრულების კონტროლზე იქნება დამოკიდებული.

„მთავარი იქნება აღსრულება და ის, რომ არ მოხდეს დისკრედიტაცია, რადგან უკრაინასა და ყაზახეთში ეგ მოხდა – ძალიან ადვილი აღმოჩნდა ყალბი „მწვანე პასპორტების“ მოპოვება და კონტროლიც არ წარმოებდა, შესაბამისად, შედეგი დამოკიდებული იქნება აღსრულების უმკაცრეს კონტროლზე“, – ამბობს ზოიძე.


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში „მწვანე პასპორტების“ კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. პრემიერ-მინისტრის ცნობით, მოქალაქეს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს კაფეებში, თეატრებსა და სხვა თავშეყრის ადგილებში.