ევროპარლამენტარი, ევროპის „მწვანეთა პარტიის“ წევრი ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში ოპოზიციის მხრიდან მონაწილეოაზე უარის თქმა საწმუხაროა.
ამის შესახებ კრამონმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე დღეს, 1 ივლისს ისაუბრა.
„ბოლო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. გულწრფელად მივულოცე საქართველოს ეს ნაბიჯი. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილში ყველამ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც იყო გაშვებული შანსი.
ბოლო პერიოდში ჩვენ ასევე ვესაუბრეთ გადაწყვეტილებების მიმღებებს, რომ დემოკრატიის ხარისხი იმით იზომება, თუ რა მასშტაბის შესაძლებლობებს მისცემ ოპოზიციას. ამ შემთხვევაში ეს იყო კარგი კომპრომისი მათი მხრიდან. ამასთანავე, ეს იყო ნამდვილად სამწუხარო, რომ ოპოზიციამ არ გამოიყენა ხმის მიცემის შესაძლებლობა”, – განაცხადა კრამონმა.
29 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე სასესიო დარბაზში 120 დეპუტატი დარეგისტრირდა.
საკონსტიტუციო ცვლილებები ე.წ 8 მარტის შეთანხმების პირობების მიხედვით განხორციელდა. ამ ცვლილებებით საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
„ევროპული საქართველოსა” და „ენმ-ს” წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მათი თქმით, ე.წ 8 მარტის შეთანხმების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც, მათი თქმით, „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითვალისწინებდა, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.
29 ივნისის პროცესზე მოსამართლემ გიორგი რურუას გათავისუფლებაზე შუამდგომლობა კვლავ არ დააკმაყოფილა და რურუა პატიმრობაში დატოვა.