საქართველოს კულტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკაშირებით ამბობს, რომ დადგება დრო და საერთაშორისო სამართალი თავის სიტყვას იტყვის.
მან ასევე ისაუბრა უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. მისი თქმით, საქართველოს საზღვრები მკაცრად კონტროლდება და უკრაინის ხელისუფლება არ უნდა აჰყვეს „საქართველოდან გაქცეულ კრიმინალებს“.
„მე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილ მუშაკს და როგორც ჩვენი ქვეყნის ყოფილ იუსტიციის მინისტრს მჯერა, მინდა მჯეროდეს, რომ დადგება დრო და საერთაშორისო სამართალი თავის სიტყვას იტყვის.
მაგრამ მანამდე აუცილებელია, ომი შეწყდეს და რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ პატარა საქართველოს არ შეუძლია შეაჩეროს ეს ომი, რომლის შეჩერებაც დიდმა და ძლევამოსილმა ქვეყნებმა დღემდე ვერ შეძლეს.
მინდა, ქალბატონ ვერეშჩუკს ვუთხრა – ძვირფასო კოლეგავ, მინდა, გჯეროდეთ და გარწმუნებთ, რომ საქართველოს საზღვრები კონტროლდება და ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საზღვრები კონტროლდება სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო თუ ორმაგი დანიშნულების მასალა თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორიგს ჩვენს საზღვრებზე.
ეს არის რეალობა. დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი და ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ, სამწუხაროდ, უკრაინა ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის მიღების არხებს ავითარებს.
როგორც დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებმა დირექტივა მიიღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის.