სამწუხაროა, რომ რაჭველიშვილი თავს ესხმის პირველ ქალ პრეზიდენტს, რითიც აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას - ადმინისტრაცია

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება ოპერის მომღერალ ანიტა რაჭველიშვილის მიერ სალომე ზურაბიშვილზე გამოქვეყნებულ facebook-პოსტს. ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ რაჭველიშვილი განზრახ და შეგნებულად აზიანებს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას.

„სამწუხაროა, რომ ქალი, რომელიც მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში საქართველოს სახეს წარმოადგენს, ღიად ესხმის თავს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს, რითიც  განზრახ და შეგნებულად აზიანებს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას.

იმ დროს, როცა ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი მსოფლიოში ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს, ქართველი მეცოსოპრანო საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებით გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებებით აკნინებს სწორედ ქალთა ძალისხმევას, რაც მიუღებელია”, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.


ჰოლივუდის მსახიობ ჯენიფერ ენისტონის მიერ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებულ ქალი ლიდრების ფოტოებს შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოხვდა. ამას facebook-ზე გამოეხმაურა ანიტა რაჭველიშვილი და დაწერა, რომ ზურაბიშვილი „საქართველოს და ერის მოღალატეა და მასზე პოსტებს არ იმსახურებს“.

„ჯენიფერ ანისტონს მივწერე, რომ ეს კრიმინალი და ქვეყნის მოღალატე „ქალბატონი” არ უნდა იყოს იმ ღირსეული ქალბატონების სიაში ვიზეც ანისტონმა დაპოსტა!
ეს ქალი ციხეში უნდა იყოს ყველა იმ ღალატისთვის რაც ჩაიდინა ამ ბოლო წლებში!
საქართველოს და ერის მოღალატეა და მასზე პოსტებს არ იმსახურებს!”, – წერდა რაჭველიშვილი.