გერმანელ დეპუტატსა და ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონსა და „კავკასიურ სახლს” შორის დაწყებული მიმოწერა კვლავ გრძელდება. ევროპარლამენტარმა „კავკასიურ სახლს” პასუხის პასუხის პასუხი მოსწერა.
„სამწუხაროა, რომ თამასა მიმოწერაში აგრძელებს დაბლა დაშვებას. თავს ვერ მივცემ ასე ღრმად ჩამოყოლის უფლებას. შესაბამისად, იხილეთ ჩემი უკანსაკნელი პასუხი“, – წერს კრამონი.
ევროპარლამენტარმა „კავკასიური სახლი” პარტია „ქართულ ოცნებასა” და ტელეკომპანია „იმედთან” ერთად მის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანიის წარმოებაში დააადანაშაულა.
„მთავარი კითხვა, რომელსაც აქ პასუხი უნდა გაეცეს, არის ის, თუ რატომ უტევთ ასე გამალებით, აშკარა და მარტივად უარსაყოფი ტყუილებით თქვენს საერთაშორისო მოკავშირეს?… თქვენი ნარატივი ორივე წერილში აშკარა მსგავსებას ავლენს ქართული ოცნების ნარატივთან და იმეორებს რამდენიმე იმ პუნქტს, რომელსაც მთავრობის წევრები აჟღერებდნენ. თქვენსა და ქართული ოცნების მხარდამჭერი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩემს წინააღმდეგ წარმოებული (სავარაუდოდ) ორგანიზებული მედია კამპანია („პოლიტოლოგებად“ წოდებული პირების მონაწილეობით) ასევე მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს წამოწყებაში მარტო არ მოქმედებთ.
მე ვურჩევდი კავკასიურ სახლს, რომ ან იყოს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციის სტატუსის ერთგული ან ღიად განაცხადოს თავისი პოლიტიკური მოტივების შესახებ. ჩვენ, თქვენს მოკავშირეებს, გვაქვს უფლება ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე”, – წერს ევროპარლამენტარი.
კრამონი ურჩევს „კავკასიურ სახლს” უერთგულოს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციის სტატუსს, ან ღიად განაცხადოს საკუთარი პოლიტიკური მოტივების შესახებ. ევროპარლამენტარის თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავს იგი „კავკასიურ სახლში” სტუმრობის და „სააკაშვილის სასტიკ რეჟიმზე” საუბრის შესაძლებლობას.
„მაგრამ უწინარესად მიმდინარე პრობლემებზე. ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა: დემონსტრანტების ძალადობრივი დაშლა, მოსამართლეთა გაუმჭვირვალე დანიშნვა (ზოგიერთი მათგანი საკამათო განათლებით), პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დემოკრატიაზე გულის აცრუება, რუსული ოკუპაცია და სხვა მრავალი წინაღობა რომელიც აბრკოლებს საქართველოს იყოს ის ქვეყანა, რომელსაც მისი ხალხი იმსახურებს.”, – წერს კრამონი.
წერილის ბოლოს ევროპარლამენტარი იმედს გამოთქვამს, რომ „კავკასიური სახლი” მოახერხებს მოკავშირეებთან კომუნიკაციის უფრო კონსტრუქციული გზების შერჩევას და იმ ხიდების აღდგენას, რომლებიც, მისი თქმით, „უსაფუძვლო და არაინფორმირებულმა პირადმა ბრალდებებმა სამწუხაროდ ძლიერ დააზიანა”.