პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი ამბობს, რომ კლინიკაში დღეს არცერთი თავისუფალი საწოლი არ არის. ამ შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.
„ჩვენდა სამწუხაროდ, ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გვაქვს. დღეისათვის, ფაქტობრივად, არცერთი საწოლი არ გვაქვს თავისუფალი არც რეანიმაციაში, არც ინტენსიურ თერაპიაში და არც თერაპიულ განყოფილებაში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრადაა გაზრდილი“, – ამბობს ლევან რატიანი.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 729 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 11 ადამიანი.
მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 751 კვლევა ტესტით – 14 187 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 564 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.75%, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 4.55%.