სამწუხაროდ, ძალიან სუსტი ანალიზი იყო წარმოდგენილი - კობახიძე პრეზიდენტზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი შეაფასა, როგორც სუსტი ანალიზი. კობახიძემ ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ძალიან სუსტი ანალიზი იყო წარმოდგენილი. ანალიზის სისუსტე შეიძლება ორი რამის შედეგი იყოს: ერთი, ინფორმაციის დეფიციტის. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა პრეზიდენტისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც კულისებში წარიმართება, წარიმართებოდა ასევე შარშან 19 აპრილის შეთანხმების გარშემო, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ომის დაწყების შემდეგ და ა.შ. თუმცა, ამ ინფორმაციას ის არ იღებდა. გვქონდა შეხვედრები, მაგრამ არ ჰქონდა ის რეაქცია ინფორმაციებზე, რაც უნდა ჰქონოდა“, – განაცხადა მან.

რა ინფორმაციებზე საუბრობს კობახიძე, მან აღარ დააკონკრეტა.

„არ ივარგებს რაღაცების საჯაროდ თქმა, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცებს ჩვენ ვუფრთხილდებით. ეს არის ერთადერთი მიზეზი. საზოგადოებასთან 100%-ით უნდა ვიყოთ გახსნილი, მაგრამ რაღაცებს რომ გავუფრთხილდეთ, ყველაფერს გარეთ ვერ გამოვიტანთ.

ეს გამომდინარეობს ინფორმაციის დეფიციტის გამო, ან შეიძლება არ ჰყავს ისეთი ანალიტიკოსები ადმინისტრაციაში. მთლიანობაში, ძალიან სუსტი იყო ის ანალიზი, რომელიც წარმოდგენილი იყო. ბევრი საჯაროდ ცნობილი ფაქტი იყო მხედველობიდან გაშვებული და ა.შ. სრულიად გულუბრყვილობაა ასეთი რამ დაიჯერო, რომ რეზოლუციის მიზეზი იყო „ნაცმოძრაობის“ კარგი მუშაობა და ჩვენი ცუდი მუშაობა, ეს არის ღიმილისმომგვრელი“, – თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ორ საკითხზე შეცვალა პოზიცია – თავადვე გააკრიტიკა ევროკავშირის მიღებული რეზოლუცია და ასევე უარყო, რომ ერთ სიბრტყეზე აყენებს სააკაშვილ-გვარამიასა და ბიძინა ივანიშვილს.