სამწუხაროდ, გამოძიება დამკვეთებზე გასული არ არის - გახარია უკანონო ჩანაწერებზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა. მან ასევე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას კითხვაზე უკანონო ჩანაწერების გავრცელების შესახებ გიორგი გახარია პასუხობს, რომ დამკვეთებზე გამოძიება ამ დრომდე გასული არ არის.

„რა თქმა უნდა, ერთი წელი გავიდა, მეტიც, რა თქმა უნდა, მე და თქვენ ამაზე რამდენჯერმე გვისაუბრია. იცით ჩემი პოზიცია, რომ კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის მსგავსი დანაშაული… ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, მივყვეთ ბოლომდე და არ დავტოვოთ არცერთი გაურკვეველი სივრცე ამით სპეკულირებისთვის.

ჩემზე კარგად იცით, რომ პირველი შემთხვევა  იყო, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსგავსი დანაშაულის პირობებში ასეთი რაოდენობის ადამიანები დააკავა. ზოგი გამავრცელებელი იყო, ნუ ძირითადად გამავრცელებლები იყვნენ.  იცით ასევე როდის იყო ეს კადრები გაკეთებული. არ მივდივარ ახლა ამ სპეკულაციაში.

მაშინ, იმ  მომენტში, რაც დაადგინა გამოძიებამ ეს იყო ის, რომ ეს ჩანაწერი გაავრცელა ადამიანმა, რომელიც გასამართლებულია, მსჯავრდებულია დღეს, როგორც ვიცი. მას აქვს მიღებული რუსეთიდან [ეს ჩანაწერი]. ეს ადამიანი  დღეს იმყოფება სომხეთის პენიტენციურ სისტემაში. გამოძიებამ რაც დაადგინა, გავრცელება მოხდა აქედან. ეს არის ის, რაც იმ მომენტში და დღემდე გამოძიებას აქვს. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. დამკვეთებზე, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გამოძიება გასული არ არის. ის პირდაპირი მიზეზშედეგობრივია კავშირი, რომელიც თქვენ ვერსიად თქვით – მოსამართლეების დამტკიცება, თქვენც გესმით, რომ ეს არის ვერსია, რომელსაც გამოძიება განიხილავს ერთ-ერთ ვერსიად”, – პასუხობს გიორგი გახარია ეკა ბესელიას.